Monday, March 29, 2010

მისი პატარა ანგელოზი

ის შევიდა პატარა ოთახში. შევიდა რომ ენახა ავადმყოფი... რომ ჩაეხედა მის თვალებში და კიდევ ერთხელ ეთქვა რომ გარეთ მზე ანათებს, გარეთ ხალხი ცხოვრობს და ის მათი ნაწილია.
ავადმყოფი ნაზად იღიმება და ქერა კულულს თითზე იხვევს. სადღაც ჭერის კუთხეში იყურება და თითქოს თვალებით ცდილობს გაარღვიოს ობობას ქსელი.
ის ჩამოჯდა და უყურებს გაუნძრევლად. უყურებს როგორ ჭამს მისი ანგელოზი, ზეციდან მხოლოდ მისთვის ჩამოსული. უყურობს როგორ ადნება ხელებში ეს ანგელოზი, როგორ სუსტდება, როგორ მუქდება მისი ლამაზი თვალის უპეები და როგორ ეძარცვება ტანზე ის ერთადერთი კაბა რომლის გახდაზეც ვერაფრით დაითანხმა. როგორი კაბა არ მიუტანა - თეთრი, ფერადი, ჭრელი, ყვავილებიანი... მაგრამ ყველა კარის ზღურბლთან ხვდებოდა მასთან მიმავალს.
უყურებდა და უფრო და უფრო ტანჯავდა თავს მისი ცქერით. დნებოდა, სუსტდებოდა და ილეოდა ისიც მასთან ერთად. უფრო და უგრო მეტ დროს ატარებდა იმ პატარა ოთახში მასთან და უფრო და უფრო სძულდებოდა ყველაფერი, რაც გარეთ იყო.
დღეს მას არ დატოვებს. უნდა რომ მასთან იყოს და უყუროს როგორ თამაშობს მისი ანგელოზი ძველი თოჯინით, ნაზად ღიღინებს და აფრიალებს მის გაცრეცილ ატლასის კაბას.
მერე ანგელოზი დაიღლება, ჩუმად მიწვება და ქერა თავს პატარა ბალიშზე და დადებს. გრძელი კულულები სახეზე დაიეფინება და თვალები დაეხუჭება.
ის მიუახლოვდება. გვერდზე მიუწვება და ისე ჩაეხუტება რომ მიწიერი ვეღარ გამოგლეჯს პატარა ანგელოზს ხელებიდან. და დარჩებიან ასე სამუდამოდ ყველაგან. ქვესკნელშიც და ზეცაშიც. ერთად იფრენენ უსასრულო სივრცეში სამუდამოდ.

Monday, March 8, 2010

მზე


აქაურობას აკლია მზე. მრგვალი, ყვითელი, ნათელი და თბილი. ლურჯ ცაზე მოსრიალე, მარადიული, მოსიყვარულე, ბედნიერი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი.
მოდი ვაჩუქოთ ერთმანეთს მრგვალი მზე. ჩემკენ გამოაგორე ყვითელი მზე. გულში ჩავიხუტოთ თბილი მზე. სამუდამოდ ჩვენთან ვამყოფოთ.
ჩემთან მოდი და დაემსგავსე მზეს. იყავი ჩემთვის ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე. მოდი და არ გაგიშვებ არსად, არავისთან. შენ მე მაჩუქე მზე, მე გაჩუქებ მის სხივებს და ჩვენ შევქმნით სითბოს, სიკეთეს, ბედიერებას და თავისუფლებას.
გამიღიმე, ჩამეხუტე და ბევრი მაკოცე. ჩუმად მოგიყვები აქაურ ზღაპრებს, ჩვენებურ საიდუმლოებებს. ხელს ჩაგკიდებ და ვივლით ბევრს. ერთად ვირბენთ გრძელ გზაზე და ერთად ვიტრიალებთ ამ სამყაროში. ვიცეკვებთ დაუსრულებლად.
ოღონდ მოდი და მაჩუქე მზე.
მე მიყვარს შენი თვალები და მათში ყურება. მიყვარს როცა იქ პატარა ეშმაკები აციმციმდებიან ხოლმე. მიყვარს როცა ისინი ორ ციმციმა მზეს ემსგავსებიან. მინდა რომ აქ იყვნენ, ჩემს თვალებთან ძალიან ახლოს. მათ შორის ბევრი სხივი გაჩნდეს და სამუდამოდ ერთ მთლიანობად იქცეს.

რატომ გავხსენი ბლოგი?

რატომ და...
ამ ბოლო დროს წერის ხასიათზე მოვედი. ჰო, კარგა ხანია ასეთ ხასიათზე არ ვყოფილვარ და მიხარია:)
ნუ წერით ხო ამის გარეშეც დავწერდი, მაგრამ რატომღაც მომინდა ეს რაღაცეები ჩემი Microsoft Word-ის გარდა, სხვამაც წაიკითხოს :)

Sunday, March 7, 2010

ჰმ.. ჯერ ვერ გამიგია აქაურობა.
იმედია მალე შევისწავლი :)