ვერცხლის ტბა

თავი I

დიდხანს ვფიქრობდი რა წამეღო ტობავარჩხილზე. ერთი კვირით ჯერ არსად არ ვყოფილვარ და ნიკა რომ არ მოდიოდეს, ალბათ უარს ვიტყოდი ამ ლაშქრობაზე.
დილით ახლომახლო მაღაზიები დავიარე, ნელა ჩაიარა საღამოს მომლოდინე დღემ.
ნიკას სახლში მოსვლა დააგვიანდა, ჩანთა ფაცხაფუცხით ჩაალაგა და სწრაფად ჩავყარეთ მანქანაში ყველაფერი.
რატომღაც ყველა ჩვენსავით დაგვიანებით გამოჩნდა ბაქანზე. ერთადერთი ვანო მისულა თავის დროზე - ჩვენს გასაცილებლად.
გამოსამშვიდობებელი ფოტო გადავიღეთ და ვაგონში შევლაგდით. ნახევარს არ ვიცნობ...
ღამე ძილის იმედით წყნარი ვაგონი ვარჩიე და მართლაც მეძინა შიგადაშიგ. გვერდზე ვაგონში დილამდე რაღაცეებს თამაშობდნენ დანარჩენები, თუ დილას ვუწოდებთ 5 საათს, რადგან სწორედ ამ დროს ჩავიდა მატარებელი ზუგდიდში.
სირბილით შევცვივდით მოშორებით მდგარ მარშუტკაში.
წვიმა დაგვხვდა...
გრძელი და დამღლელი გზა იყო მუხურამდე. თითქმის ყველა ვთვლემდით, შიგადაშიგ იმაზე ჩავფიქრდებოდი, საიდან უნდა მოდიოდნენ, ან სად მიდიან ეს ღამეული მგზავრები...
მივადექით მუხურს როგორც იქნა.
იქვე, ხობისწყლის ნაპირას დავყარეთ ბარგი და დანარჩენებს დავუკავშირდით. მოლაშქრეთა მეორე ნაწილი, წინა დღეს ჩამოვიდა აქ და ახლა მათ უნდა დაველოდოთ ამ ლამაზ მდელოზე.
დრო საკმაოდ გვაქ გამოძინებისთვის. აქ არ წვიმს.
ლამაზი ადგილია. ნაპირს გრძელი და ფართე მინდორი მიუყვება. ნაძვის ხეები ხეივანივით ჩარიგებულა მინდვრის ორივე მხარეს. მოშორებით მაგიდა და სკამებიც მოჩანს. თან სისუფთავეა, და სადა სიმწვანე. წყნარი დილაა...
ჯერჯერობით კარგ საბანაკე ადგილად მეჩვენება აქაურობა.
ცივმა მდინარემ გამომაფხიზლა, მაგრამ ძილზე უარს მაინც არ ვამბობ. თამუსიას გვერდით წამოვკოტრიალდი და მალევე ჩამეძინა. კარგა ხანს რეკავდა ტელეფონი და ბოლოს მაინც შეძლო და გამომაფხილზლა. ვანო იყო, ჯერჯერობით გვაქვს იმის ფუფუნება ხმა მივაწვდინო და ამბები მოვუყვე, თუმცა იქ, სადაც ლაშქრობა დაიწყება, ვეღარავის ვერაფერს გავუზიარებთ ერთმანეთის გარდა.
თითქმის ყველას ძინავს. მარადფხიზელი თეო ჯოკრით იქცევს თავს...
მაღლა ავიხედე - განიერი ხიდია მდინარის თავზე. იქაური ჯეელები ჩვენს საცქერად ჩამწკრივებულან. ერთი გრძელი სკამი, მადლი იქნებოდა ახლა მაგათთვის.
ერთი, როგორც ჩანს ყველაზე თამამი, პიდაპირ ჩვენ მოგვადგა.
ისედაც გაბრუებულები, უარესად გაგვაბრუა დაუსრულებელი ბაასით. ქონგური ცდილობდა დიპლომატია გამოეჩინა, (როგორც მერე თვითონ აგვიხსნა - ასეთ "საშიშ" ტიპთან ურთიერთობაში) და ქათინაურებს არ იშურებდა.
თუმცა კარგად გაგვამხიარულა. როგორც კი მოსმენას ვეცდებოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი და ვცდილობდი არ მომესმინა, თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც, ტობავარჩხილის ფოტოების ნახვაც შეძლებია ჩვენთვის ნაცნობობაში...
შიგადაშიგ უკან დაიხედავდა, რატომ იცინიან, რამე ხომ არ მჭირსო?!
ალბათ კიდევ კარგა ხანი გვეჯდებოდა ხესთან ჩაცუცქული, მეორე ნაპირიდან რომ არ შეეძახათ, "მოდი, მოიტანესო!" ალბათ მნიშვნელოვანი რაღაც მოიტანეს, ასე უყოყმანოდ და ბოდიშებით რომ გასწია.
დანარჩენები მალევე შემოგვიერთდნენ და ყველანი ზურას დეიდის სახლში წავედით. იქ კიდევ რამდენიმე დაგვხვდა, ბევრს პირველად ვხედავ.
სახლში დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, დიდი ხის ქვეშ კოხტად იდგა მაგიდა, იქ ვიჯექით ცოტა ხანი. ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად და კოჭაობით ვიქცევდით თავს.
მერე ბარგი გადავინაწილეთ. ნიკამ "ბათინკებით" და ქონგურმა კარვით, ჩანთა შემომისუბუქეს. ამ ყველაფრიანად, 13 კილო იქნებოდა და პირველივე ნაბიჯების გადადგმისას ვიგრძენი რომ ასე ბევრს ვერ გავივლიდი...
ბეწვის ხიდს მალევე მივადექით. მდინარის იქითა ნაპირას, შურუბუმუს მღვიმე გველოდება.
ჩანთები იქვე დავყარეთ და რიგრიგობით გადავედით ხიდზე.
უცნაურ და ლამაზ სიმწვანეში ამოვყავით ერთბაშად თავი. ხავსი ედო ყველაფერს: დიდ და პატარა ქვებს, ხის ტოტებს... მსხვილი ბალახები და სუროები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ. უდაბურ, ტროპიკულ ტყეს მიაგავდა გარემო, მწვანის სხვადასხვა ტონალობებით აჭრელებული.
მღვიმეს ფართე შესასვლელი ქონდა, მაგრამ მალევე ვიწროვდებოდა, მეც კი მიჭირდა გაძრომა. ვიწრო გასასვლელის მერე, პატარა კელიასასვით იყო - საკმაო ფართობი იმისათვის, რომ ყველა დავტეულიყავით და ფეხზეც დავმდგარიყავით. მღვიმე კიდევ გრძელდებოდა, თუმცა ვიწრო გასაძრომში წყალი ჩამდგარიყო და ჩვენი ცნობასმოყვარეობა ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კედლები ჟანგისფერი იყო და სველი, ჩვენც დაახლოებით ამ ფერისები გამოვედით მღვიმიდან.
ლუგელასაც მალე მივადექით. აქ მჟავე წყლები მოდის, ნამეტანი მჟავე... ვცადე ერთი ყლუპი დამელია, მაგრამ არ გამომივიდა. თურმე კანისთვის და ჭრილობებისთვის კარგი ყოფილა, მაგრამ 5წთ-ზე მეტი თუ გაიჩერე, წვისა და ქავილის შეგრძნება გიჩნდება.
ბიჭებს დრო უხელთიათ და ხობისწყალში ჩამხტარან. ერთმანეთს გადავეხედეთ მე და თეომ ბიჭებს მივბაძეთ. ერთბაშად შეგვეკრა სუნთქვა ისეთი ცივი იყო. ერთი-ორი გამოვუსვი ხელი და სწრაფად ამოვხტი ნაპირზე.
გზა განვაგრძეთ გაგრილებულებმა. ტელეფონი აღარ იჭერს...
ბიჭები ყველგან ხტებოდნენ, სადაც კი მცირე ხნით გავჩერდებოდით და ლამაზ ჩანჩქერს დაიგულებდნენ. მაგრამ, გზა მალევე გასცდა ხეობას და სამანქანე გზას ავუყევით აღმართ-აღმართ. როგორც ნიკა უწოდებდა, "სახის ახევა აღმართებს."
ავდიოდით და თანდათან უფრო მაღლიდან გადავყურებდით ხობისწყლის ხეობას.
უწყლობას არ ვუჩიოდით, ხშირად იყო მთიდან ჩამოწანწკარებული ნაკადულები. და კიდევ მაყვალი, რომელიც მთელი გზა გვერდში მოგვყვებოდა დაუზარებლად.
ხანდახან ცხენოსნები შემოგვხვდებოდნენ გზად მიმავალნი. მეტიც, ტრაქტორისტმა ჩინელემბაც კი ჩაგვიარეს გაღიმებულებმა - თურმე ეს ტყე შეუსყიდიათ და მდინარის ჩამონგრეულ ხიდს აკეთებენ, დიდ, ბოროტ მანქანებს, მოძრაობა რომ გაუადვილდეთ ტყეში.
არჩილის არსებობა იგრძნო ბუნებამ და წვიმამაც მალე მოვაკითხა.
მოულოდნელად, ტრაქტორის ხმა მომესმა შორიდან. ალბათ უკანა გზაზე ბრუნდებოდნენ... ხმა ახლოვდებოდა: "ნეტა კამაზი მაინც ყოფოლიყო ან რამე მსგავსი, ხომ აგვიყვანდა ყველას ამ დაუსრულებელ აღმართზე..." მაგრამ, რათ გინდა კამაზი? უკან გავიხედე და მთელი ჯგუფი ამ ტრაქტორზე შემომხტარიყო. ვინ სად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა სადღაც... გულმა პირდაპირ ჩანგლისკენ გამიწია. მისი ერთი აწევაც საკმაირი იყო, ყველა ზედ მჯდარი ხევში გადავეყარეთ ჩინელებს.
თითქმის ჩვენი ტემპით მიდიოდა ტრაქტორი, მაგრამ მაინც კარგად შეგვიმსუბუქა და გაგვიხალისა გასავლელი გზა.
ასე ვიარეთ ჩანგრეულ ხიდამდე. სწორედ იქ გაეშალათ ბანაკი ჩინელებს. ჩვენც ახლომახლო ვვარაუდბდით დაბანაკებას.
ბანაკიდან ქოლგიანი ჩინელი გამოცუნცულდა და მდინარის მეორე ნაპირას გადაგვიყვანა დროებით შეკოწიწებული გზით. გივყურებდა და - "ეს ქართველები, რა ყველა ერთმანეთს გავხართო?" მოჩხლართა დამხრჩვალი რუსულით...
გზა გავაგრძელეთ და თან საბანაკე ადგილს ვეძებთ. მაგრამ ის ყველაგნ ერთნაირად ვიწრო იყო _ მარჯვენა მხარეს ციცაბო ხეობით, მარცხნივ - მაღლა აზიდული მთის ფერდობით.
მალე დაბინდდება.
ბალახებს და მინდორს აღარ დავეძებთ უკვე, უბრალოდ გვინდა გზის შედარებით ფართე მონაკვეთი, რომ კარვების გასაშლელად გვეყოს. კიდეც ცოტა ვიარეთ და მივადექით ასეთ ადგილს. მთიდან წყალი მოწანწკარებდა. ამ წყალს ოდესღაც ხეებისგან ჩაეხერგა გზის დანაჩენი ნაწილი და პატარა ჩიხივით გაკეთებულიყო.
შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ საკარვე ადგილები და ქვეშ ბლომად ფოთლები დავუფინეთ სირბილისთვის. გავღუნეთ პალოები ქვა-ღორიან ნიადაგში ჩასობით, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ქვებით თუ გაღუნული პალოებით, როგორღაც მაინც გავჭიმეთ კარვები.
შეგნით შევძვერი და წვიმაც წამოვიდა. გადაღაბას არ აპირებდა და ყველას კარვებში მოგვიწია ჭამა. გვერდზე კარავში, ზეიკიძეს მიირთმევდნენ და სტინგერს ხუხავდნენ. ვინანეთ მე და თამუსიამ კარებით რომ არ შევატყუპეთ კარვები. გადახუხავდა კაცი ამ ნამგზავრზე.
მარჯვნიდან ტკბილი სიმღერებით ატკბობდნენ ყურს ზურა და ნინო. მზეს თხოვდნენ ლაზარეს...
მალე ყველაფერი გაჩუმდა...






თავი II

დილით, კარვიდან რომ გამოვძვერი და ცას ავხედე, მოწმენდილი და მზიანი იყო. ძალიან გამიხარდა.
ღამე ცოტა შემოსველებულა კარავში. გასაშრობად გამოვფინეთ სველები, თან ვწუწუნებდით შიგადაშიგ - ამ სიცხეში როგორ უნდა ვიაროთო?
ვისაუზმეთ და ავლაგდით.
ეტყობა ჩვენი წუწუნი გაიგო ლაზარემ, მალევე მოიღრუბლა.
ნიკამ გაგვაფრთხილა რომ დღეს საკმაოდ რთული დღეა. უწყლობაში და აღმართებზე მოგვიწევს სიარული. თუმცა, დიდად არ გვიგვძვნია უწყლობა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო გზის, სადაც მართლაც წყლის ნაკლებოდა იყო და ჩვენც შეძლებისადაგვარად ვიზოგავდით.
ნელა თუ ჩქარა, შესვენებით თუ შეუსვენებლად, ლაპარაკით თუ მდუმარეთ, მივუყვებოდით მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს და ასე მივადექით პირველ ქოხს.
ეს ქოხები ჩვენ რუკაზე "ლეტნიკის" სახელითაა აღნიშნული. მწყემსები იყენებენ ხოლმე, როცა ნახირი ზაფხულის საძოვრებზე გამოყავთ.
ქოხი ცარიელი დაგვხვდა. აქ იყო ჩვენი დიდი შესვენება, და აქ დაილია მონადირის ბაბუის არაყი ცარიელი ვაზნებით. აქ გაიჭრა ზეიკიძის მეორე პარტია...
გზა ყველამ ხალისით და ენეგიულად გავაგრძელეთ. განსაკუთრებით თეომ, რომელიც რამდენიმე ჭიქა არაყმა სულ ფრენა-ფრენით ატარა.
გზად ცხენოსნები შეგვხვდნენ. გზა მიგვასწავლეს მეორე ქოხამდე.
და მალე, მზე დაიმალა და მივადექით იმ ადგილს, სადაც პირველად მოგვნათლა ნისლმა და მას მერე, მთელი გზა აღარ მივუტოვებივართ. მოგვყვებოდა დაუზარებლად. თითონ ათვალიერებდა ყველაფერს, ჩვენ აღარ გვაყურებინებდა... ხანდახან შეგვავლებინებდა ხოლმე თვალს და მერე ისევ დაეფარებოდა. გვეთამაშებოდა, ხალისობდა... მაგრამ მაინც ლამაზი იყო. გრძელ და ვიწრო ხეებს შემოტმასნოდა. უფარავდა ფესვებსაც და კენწეროებსაც, მხოლოდ სწორი, ვიწრო ტანები თუ მოუჩანდათ ფიჭვებს...
მოულოდნელად ტელეფონმა დაიჭირა! და მას მერე ყველგან იჭერდა - საბანაკე ადგილასაც.
და კიდევ მოულოდნელად, კიდევ დიდ ხნის სასიარულოდ განწყობილებს, პირდაპირ გზაზე წარწერა დაგვხვდა მიწაზე ამოკაწრული - "კარავი არის აქ" - ისარი შემაღლებულ ადგილას ამავალი ბილიკისკენ მიუთითებდა. (იქაურები ქოხებს, ჩვენ მიერ "ლეტნიკებად" წოდებულს, კარავს ეძახიან).
უბედნიერესი ხალხი ვიყავით, როცა ხის ქოხს, თანაც ცარიელს, მივადექით. ნიკა მაშინათვე სახურავზე მოექცა და ამაყად გადახედა არემარეს. ნისლში იყო გახვეული ყველაფერი: ქოხი, ჩვენ, ხეები, რომლებიც უკვე აქა-იქ თუღა მოჩანდა - ალპურ ზონაში გვქონდა უკვე ფეხი შედგმული.
ნიკას მიბაძეს დანარჩენებმაც და იქ შეუდგნენ მონადირის ბაბუის არყის გამოცლას.
ქოხში ცეცხლი დავანთეთ. თბილი, ჩვენებური. სუფრაც გავშალეთ. ყველა დაგვიტია პატარა ხის ქოხმა. ჩვენ შიგნით ვართ, გარშემო ჩამობნელდა...
ვგრძნობთ რომ დღეს დაგვაკლდა ენერგიების ხარჯვა. გუშინდელთან შედარებით მარტივი დღე გვქონდა. 6 საათი იყო ქოხს რომ მივადექით და სად წაგვეყო ამდენი დრო არავინ ვიცოდით.
თუმცა დროს მალე გამოეძებნა საქმე... ჯერ იყო ანეგდოტების დიდი ტალღა შემოგვაწვა, სიცილით რომ დავიღალეთ, ფრიად სერიოზულ და საინტერესო თემებზე გადავერთეთ. ჯერ მხოლოდ ვიწრო სფეროს ვეხებოდით, მერე თემები განვავრცეთ და რაზე აღარ ვილაპარაკეთ...
დრო მალე გაიპარა. ეს ყველაფერი ძალინ კარგი იყო და სიმაოვნებით ვჯდებოდი ამ ქოხში, ძილი რომ არ მომრეოდა.
გოგოებს კარავი გარეთ გვქონდა გაშლილი. როგორც ჩანს სუფთა ჰაერზე დაძინება ვარჩიეთ, კვალმში (თუმცა, როგორ დილით აღმოჩნდა - სიმშრალეში) ძილს. წინა ღამის გამოცდილება გავითვალიწინეთ ეტყობა გაშლისას და ჯონის კარავს კარებით შევატყუპეთ.
საძილეში შევძვერი და ტელეფონშიც ჩავძვერი. ვანოს ვუყვებოდი ყველაფერს, სანამ კიდე აღწევა ჩვენამდე ცივილიზებული ქსელები...
ქოხიდან ისეთი საინტერესო ლაპარაკი მესმოდა, ცოტაღა მაკლდა ჩამეცვა და ისევ იქ დავმჯდარიყავი.
მაგრამ მალევე მომერია ძილი. თეო და თამუსიაც შემოძვრნენ და ცოტა ხანში, ისევ მიწყნარდა ყველაფერი...


თავი III


დილით ჯამს ვითხოვდი მუხლებზე რომ დამედო და კარვის წვეროდან მოწანწკარე წვეთები, იქ ჩაწკარუნებულიყო. გვერდებიდანაც გემრიელად შემოსველდა და ფეხებთანაც გუბე ჩამდგარიყო. არც კი მოერიდა ჩვენი "მშრალად" შენახული ბოტასების გემრიელად ჩაჟიება...
ნიკამ ზურგზე მოკიდებული შემიყვანა ქოხში. ქოხში ცეცხლი ენთო. ვიდექით ამ პატარა ცეცხლთან და ვაშრობით ყველა - ყველაფერს.
წვიმას არ გადაუღია...
ასეთ ამინდში, სველი კარვების აკეცვას და გზის გაგრძლეებას აზრი არ ჰქონდა. გადაღებას უნდა დავლოდებოდით.
ლოდინში, დრო კი ბლომად გაფრინდა, მაგრამ მოწყენით რაღათქმაუნდა არ მოგვიწყენია - რა აღარ ვითამაშეთ ამასობაში ჩვენს პატარა ქოხში...
შუადღისკენ წვიმა შეწყდა.
ჩვენც დრო ვიხელთეთ და ავშალეთ ჩვენი სველი და ტალახიანი კარვები.
წვიმამ აბარგება გვაცალა და ისევ წამოვიდა. ეტყობა ამით გვანიშნა - მანდ მასე ჯდომით და მხიარულობით, მთავარი უნახავი დაგრჩებათო. შიგადაშიგ წყდებოდა, მაგრამ გარშემო სქელი ნისლი შემოგვხვეოდა და ვერაფერს ვხედავდით, რაც წესით ამ ადგილებიდან უნდა ჩანდეს - ჩამწვანებული ხეობები, დაუსრულებელი მთის ფერდობები, უსაზღვრო სივრცე... ალბათ ფიქრობდა ნისლი რომ სიმაღლის გვეშინოდა და გვიფრთხილდებოდა.
ბილიკ-ბილიკ მივდიოდით, მთა-მთა, მუხლამდე ბალახში. უკვე საბოლოოდ გამოვემშვოდობეთ ხე-ტყეს და ალპურ ზონაში გადავინაცვლეთ.
ნიკა წინ არავის უშვებდა. ვიწრო და ციცაბო ბილიკები იყო, ნისლიში არ უნდა გავფანტულიყავით. ერთ მწკრივად მივდიოდით, ერთმანეთის ნაბიჯების მივუყვებოდით.
დღეს არც თუ ისე რთული დღეა, გრძელი გზა არ გვაქვს გადასვლელი - მეორე ქოხთან უნდა მივიდეთ.
მართლაც, მდინარის მეორე ნაპირას, მეორე ქოხიც გამოჩნდა. ბლომად ძაღლები გამოგვეგებნენ მწყემსების ქოხიდან - როგორც ჩანს, ეს ქოხი ცარიელი არაა. მდინარე მუხლსზემოთ იყო. ჩემთვის ალბათ წელამდე იქნებოდა მონადირეს რომ არ ავეყვანე ჩანთიანად. ალბათ ჩანთის სიმძიმემ ქნა, ქვაზე რომ აუსრიალდა ფეხი და კინაღამ მდინარის მჩქეფარე დინებას გავყევით ორივე. საბოლოოდ, ამ ამბავმა, მხოლოდ მისი შარვალი და მუხლი შეიწირა.
მდინარე გადავტოპეთ და ყველანი ქოხში შევცვივდით დაუპატიჟებლად. ჩვენი წინდები ჯოხზე ავაცვით შამფურებივით და ცეცხლს შემოვუსხედით.
ქოხის გარშემო, ყველგან უშველებელი გვიმრები იყო. მიწაზე კი - სისველე, ჭყლაპი... ფეხები კოჭამდე გვეფლობოდა. თუმცა სხვა გზა არ იყო. გვიმრები გავკაფეთ და საკავრე ადგილები მოვასუფთავეთ. მერე ისევ ეს გვიმრები, ბლომად დავაფინეთ კარვის ქვეშ სიმშრალისათვის. კარვებიც გავწმინდეთ შიგნიდან ტალახისგან როგორც შევძელით...
აქაურები თხებს მწყემსავენ ზაფხულის საძოვრებზე, ძროხაც ყოლიათ. ვახშამი შემოგვთავაზეს, თუმცა კარვებში შესვლა ვარჩიეთ. მწყემსები ადრე იძინებენ და არ გვინოდა ძალიან შეგვეწუხებინა ჩვენი იქ ყოფნით.
წვიმაში ვერც წყალს გავაცხელებდით და ვერ ბევრს შევჭამდით, ამიტომ გოგოებმა სწრაფად და მარტივად გადავწყვიტეთ დანაყრება: ჭიქაში შედედებული რძე ჩავასხით, შიგ ორცხობილა ჩავფშვენით და ქიშმიშები, ჩირი და მიწისთხილი ჩავაყარეთ. დაგვანაყრა ასე თუ ისე მთელი დღის მშივრები.
ბიჭები კარვიდან გამოსძახოდნენ სადღეგრძელოებს. მანდილოსნები რომ გვადრეგრძელეს, თეომ გასზახა - არ მაქვს მანდილი, სადა მაქვსო? ხოდა მაშინ, რაცა გაქვს იმას გაუმარჯოსო! - პასუხად გამოსზახა ჯონიმ.
წვიმდა და იმ იმედით დავიძინე რომ წყალი არ შემოგვივიდოდა. დიდი ხანი ვეწვალე კარვის გაჭიმვას და იმედია ფუჭად არ ჩაივლიდა ჩემი ნაღვაწი.


თავი IV

დილითღა გავიგეთ სადაც ვყოფილვართ. ცა მოწმენდილი იყო და მზე ანათებდა. ყველა მხრიდან მთები შემოგვხვეოდნენ გარშემო. ალაგ-ალაგ მაღალი კლდეებიც ასვეტილიყვნენ. სწორედ აქ ვიგრძენი, რომ ჩვენ მაღლა ვართ, მთებში აჭრილნი. იმ მთებში, სახლის ფანჯრებიდან რომ გავცქერით ხოლმე თვალის დასატკბობად.
მწყემსებმა გემრიელი საუზმე დაგვახვედრეს ქოხში: ახლადმოწველილი რძე, ყველი და ფუმფულა პურები. მერე უგემრიელესი მაწონიც დაგვაყოლებინეს.
კარვები ავშალეთ და დავიძარით. ამას ელოდებოდაო თითქოს, ნისლები ამოიყარა ხეობებიდან და უცაბედად მოყრილმა ღრუბლებმაც წამოგვაწინწკლა. ბილიკები ნისლებში დაიმალა და მივყვებოდით მხოლოდ სავარაუდო მიმართულებას. ნიკა წინ მიგვიძღოდა როგორც ყოველთვის.
დიდი ხანია ხეები აღარ გვხდებოდნენ გზაზე. თუმცა, ულევი იყო მუხლამდე ბალახი - დილის ცვარ-ნამით და ნისლის სისველით გაჟღენთილი. კმაროდა ერთი გავლაც იმისთვის, რომ ჩვენი შარვლებიც ასე გაჟღენთილიყვნენ. ფეხსაცმელს აღარ ვუყურებდი, დღე იყო თუ ღამე, ის ყოველთვის სველი იყო...
ბილიკ-ბილიკ სიარულის მერე, ერთ სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხს მივადექით. უბრალო ტენტი ეფარა წვიმისგან დასაცავდ. მონადირეების დროებითი სადგომი ყოფილა და ჩვენც ცოტა ხანს შესვენება გადავწყვიტეთ.
ქოხში აბეზარი ცეცხლი ენთო, ბევრი ვუტრიალე მაგრამ ისეთი ადგილი ვერ ვიპოვე სადაც არ ბოლავდა და მეც ბედს შევეგუე და სხვებთან ერთად ავტირდი. ტანსაცმელების გაშრობას ვცდილობდით - გვინდოდა სულ ხუთი წუთით მაინც გვეგრძნო სიმშრალე.
ბიჭებმა მონადირეებს ლენტეხში გადასვლის გეგმა გაუზიარეს, მაგრამ, მათგან ყოვლად უიმედო პასუხი მიიღეს: "ვერ გადახვალთ მანდ, აპასნიაო!" თუმცა, ამან უფრო გაუღვიძა სურვილი ზოგზოგიერთებს...
ლენტეხში გადასვლას რაც შეეხება, თავიდან სიაში ნიკა და ზურა ეწერა მხოლოდ. თუმცა, ლაშქრობის უკვე პირველივე დღეებში, მათ არჩილი და მონადირეც შეემატენ. მალევე შეუერთდა ჯონიც...
თურმე, ამ რამდენიმე დღის წინ, ტობავარჩხილის გზას, ერთი გზააბნეული დასდგომია. საიდანღაც ჩუსტებით წამოსულისთვის თავისი ბოტები მიუცია იქაურ მწყემსს. სამეგრელოდან ვარო უთქვამს ამ მონასირეებისთვის, თუმცა ერთი საერთო ნაცნობიც ვერ გამოუნახავთ ვერსად. ფოტოების გადასაღებად მივდივარო - მიზეზიც დაუსახელებია მობილურის ამარა წამოსულს...
-არც კარავი წაუღია და არც საძილე, იქნებ სადმე გადაეყაროთ, ნახეთ თუ კიდევ ცოცხალიაო. :დაგვაბარეს მონარირეებმა.
გზა განვაგრძეთ ნისლში. მალევე მივადექით ურელტეხილს. ამ უღელტეხილმა, ოხოჯეს ტბასთან უნდა გადაგვიყვანოს.
თითქოს ჩვენ მისვლას ელოდაო, ნისლი ნელ-ნელა გადაიყარა და ჩვენ წინ აზიდული უშველებელი უღელტეხილი დაგვანახა. - მაღალი, კლდიანი, ნაპრალებში ჩაგუბებული თეთრი თოვლით. მაგრამ მაინც მომღიმარი, ფერადი ყვავილებით გარშემორტყმული.
სადაც ყველაზე დაბალი, უკლდეო გადასასველი ჩანდა, იქით ავიღეთ გეზი. თითქოს არც ისე მაღლა მომეჩვენა, მაგრამ რაც მაღლა ავდიოდით, მერე და მერე ჩნდებოდა უღელტეხილი, მერე და მერე გვაჩვენებდნენ ეს მთა კლდეები სად მივდიდოდით, ჩუმად გვიტყუებდნენ და თავიანთი კალთებისკენ გვიხმობდნენ.
ნიკამ მკაცრად გაგვაფრთხილა - ჩემ წინ ნურავინ წახვალთო! გარშემო ნისლი იყო და ბინდში ვხედავდით ერთმანეთს. მაგრამ ციცაბო აღმარზე ტემპში სიარული მერჩივდა და მაინც ვუსწრებდი რამდენიმე ნაბიჯით. გიორგის და ალეკოს უფრო წინ ვხედავდი ჯიხვებივით მიმავლებს.
ამ სიარულში, როგორც იქნა ავიღეთ რაღაც სიმაღლე და უღელტეხილის კალთას მივადექით. ბოლოს ამოსულებმა, ამბავი მოგვიტანეს - ვანდერერი ცუდად გამხდარა, აკლიმატიზაცია აქვსო. ვეღარ ამოდიან და ქვემოთ აპირებენ კარვების გაშლასო. თუმცა, ის იყო ალეკო ჩასვლას აპირებდა ნინოს ნივთების ჩასატანად, რომ ამბავი ამოგვიტანეს - ყველაფერი კარგადაა და ზურა და ნინოც მალე ამოვლენო.
უღელტეხილზე ცივი ქარი უბერავდა. ძვალ-რბილში ატანდა და სისველეს უფრო აუტანელს ხდიდა. ცოტა შევჭამდეთ როგორღაც და გზა განვაგრძეთ.
ფერად ყვავილებს დავემშვიდობეთ და თოვლიანი მთის კალთა შემოგვეგება. უკაცრიელი იყო აქაურობა და ძალიან უცხო ჩემთვის, ცოტა შემზარა კიდეც. ჩვენ მივდიოდით მაღალ კლდეებს შორის დაგუბებულ თოვლში. ნაბიჯებს ვჭრიდით და უღელტეხილის ბოლოსკენ მივიწევდით.
ეს ის ადგილი იყო, სადაც პირველად გამიჭირდა და ძალიან შემეშინდა. ფეხები ერთიანად სველი იყო და ამ სიცივის მეშინოდა. უფრო და უფრო მიჭირდა ფეხის გამოძრავება. შემეშინდა სულ არ ჩამყინოდა შიგნით თითი, იმიტომ რომ არ ვიცოდი როდის მივაღწევდით ურელტეხილის ბოლომდე.
მაგრამ, როცა თოვლი გავიარეთ და ნახევრად კლდიან აღმართს ავუყევით, თურმე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მაკლდა იმისთვის რომ ეს სისველეც და ყველაფერი დამვიწყებოდა. ნიკას ყვირილი მომესმა. ყვიროდა ყველა, ვინც კი ადიოდა. დარჩენილი სირბილით ავირბინე და დავინახე კიდე. ლურჯი ტბის კიდე და სილამაზე. სილამაზე დავინახე. ესმოდა ალბათ ტბას ჩვენი ხმები და დასახვედრად ემზადებოდა. გარშემორტყმულ ნისლს სულ უბერავდა და აგდებდა, არ აძლევდა უფლებას დაეჩრდილა.
ტბამდე ციცაბო, თოვლიანი ქედი იყო ჩასავლელი. ნიკა ისევ წინ წავიდა.
ნელა ჩავდიოდით, ძალიან ნელა. გაკვალული ნაბინებიდან არ გადავდიოდით. ზიგზაგებით მიდიოდა ნიკა და ასე მივყვებოდით ჩვენც. ზოგს ძალიან უსრიალებდა ფეხი და განსაკუთრებით უჭირდათ ჩამოსვლა.
თუმცა, მალე გზა შედარებით გამარტივდა და სრილ-სირბილზე გადავდით.
მერე ვირბინე, ვირბინე და უცებ სველი თოვლიდან, რბილი ბალახი ვიგრძენი ფეხქვეშ.
ვხედავ დიდ, მწვანე მინდორს და ულამაზეს ლურჯ ტბას.
ჩანთა იქვე დიდ ლოდთან მივაგდე და ძალიან ჩქარა გავიქეცი. მივრბოდი უშველებელ კლდეებს შორის გაჭიმულ მინდორში, მის ძირში ჩაგუბებული ტბისკენ. თან ძალიან მციოდა. მინდოდა მალე მეგრძნო კიდურები.
ტბასთან მივედი და გადავხედე, ნისლი გაეფანტა. იყო დიდი, მაღალი კლდეები და შუაში მოლაპლაპე ტბა. ტბის წინ დიდი, მწვანე მინდორი და აქა-იქ ოდესღაც კლდიდან ჩამოცვენილი უშველებელი ლოდები.
გიორგიმ მოსვლისთანავე გაიხადა და წყალში გადაეშვა, წყალში, რომელიც იქაური კლიმატითა და მყინვარებიდან ჩამოწვეთილი ნაკადულებით გაზავებულიყო.
ამბობენ, ბევრს ყვებიან ამ ტბაში ბანაობაზე. სოფელშიც გვაფრთხილებნენ, ყვებოდნენ მას მოყოლილ უბედურებებზე, მაგრამ, ვფიქრობ მით ეს ბიჭი იქაურობას ჩაეხუტა, თბილად მიესალმა - სუფთა და ბედნიერი გულით.
მალე დარჩენილებიც ჩამოვიდნენ.
ხელები ერთიანად გაყინული მქონდა და კარვის გაშლა თამუასიას ვთხოვე. ტენტები გავჭიმეთ და შიგნით შევძვერით.
აი ამ დროს, ერთი რამ არის ხოლმე ყველაზე სასიამოვნო, რასაც არ შეედრება მთელი ღამის ტკბილი ძილიც კი - როდესაც ერთიანად გათოშილი, გაიხდი ყველაფერს, რაც კი სველია და შეძვრები თბილ საძილეში. მერე ერთბაშად გაიტრუნები. გრძნობ, როგორ თბება შენი სხეულის თითოეული ნაწილი, როგორ ცოცხლდება. მერე გრძნობ საძილეს, რომელსაც შენი ტანის სითბოს გადასცემ და მერე ისევ შენვე გიბრუნდება ეს სითბო - გაორმაგებულად...
ამ დროს, ამ ნეტარების მწარე დასასრული, საძილის გახსნა და კარვიდან გამოსვლაა.
კარვიდან გამოვედით მე და თეო წყლის ასავსებად.
გარშემო ყველაფერს ნისლი და სუსხი შემოხვეოდა, თუმცა კარავში შესვლა მაინც არ გვინდოდა.
ქონგურიც შემოგვიერთდა და ვარჯიში დავიწყეთ სამივემ - საღამოს გამამხნევებელი ვარჯიშები, ოხოჯეს ნაპირას.
აქეთ-იქით დავრბოდით მწვანე მინდორში, დავხტოდით, ვყვიროდით, ვცეკვავდით, ლოდებზე ვხტებოდით და დანარჩენებსაც ვეპატიჭებოდით.
ოთოს და ამეთვისტოსაც მოუნდოათ ლენტეხის გადალახვა, თუმცა დიდი ბიძიები უარობნენ, მაგრამ ბიჭები მაინც დაბეჯითებით ცდილობნენ მათ დარწმუნებას, რომ ისინი ამას შეძლებნენ. ნახსენები იყო ბევრჯერ ბელა და შეპირებები, თუმცა სურვილი უშველებელი იყო.
იმის გამო, რომ სხვებსაც არანაკლებ დიდი ქონდათ ეს სურვილი, ავტომატურად, მთელი ჯგუფის ლენტეხში გადასვლის საკითხი დადგა.
სწორედ ამაზე ბჭობნენ ბიჭები არჩილის კარავში გვიან ღამემდე. ორგანიზატორებს მერე ჩვენ კარავში გადაუნაცვლებიათ და სტინგერიც დახმარებიათ გადაწყვეტილების მიღებაში.
მე და თეო, ჯონის კარავში შეყუჟულები, "ნამიოკობანას" ვეთამაშებოდით ქონგურს და ნინიას.
სიცივემ, ერთი კარვით ნაკლების გაშლა გადაგვაწყვეტინა. შედარებით ვიწროდ ვამჯობინეთ დაძინება. და შევიკედლეთ გოგოებმა ნიკა იმ პირობით, რომ სითბო შემოეტანა ჩვენს კარავში.
ისევ სიწყნარე ჩამოწვა წუთით აფორიაქებულ ტბაზე.


თავი V

ცა მოწმენდილია, ტბა უძრავად გარინდებულა, გასარკალებულა. ბიჭებს უკვე მოუსწრიათ ოხოჯეს მთათა სამყაროში მოგზაურობა.
მზე გვათბობდა და გარშემო, ყველაგან ჩვენი სველი ტანსაცმელი იყო მიმოფენილი. არემარე ავაჭრელეთ.
წუხელ ცოტა შემეშინდა, იმ კაცზე ვფიქრობდი მარტოდმარტო რომ დადიოდა ამ ადგილებში. აქ თუ იყო, ჩვენ ხმასაც გაიგონებდა და დაგვინახავდა. მაგრამ კვალიც კი არ გვინახავს ვინმესი და ეჭვი გამიჩნდა რომ იმალებოდა. შიში რას უზამს კაცსო და ოხოჯეზეც წამოიყვანსო. მეშინოდა ღამე არ მოსულიყო საჭმელების ასაწაპნად. ალბათ უაზროდ მეშინოდა...
ღამემ მშვიდად ჩაიარა და დილით აღარც კი გამხსენებია ეს უცნობი.
ნიკამ გვიხმო საერთო კრებაზე. დიდ ლოდზე რუკა გაეშალა, ჩვენც მის გარშემო მოვგროვდით. ვიფიქრეთ, ვილაპარაკეთ და გადაწყდა ასეთი რამ: ლენტეხში ყველა ვერ წავიდოდით. არსებობდა ამის რამდენიმე მიზეზი - არასაკმარისი საჭმელი, დაკარგვის დიდი ალბათობა, სირთულე, უგზოობა, სახლში მომლოდინე მშობლები და ა.შ. გოგოები უკან უნდა დავბრუნებულიყავით და რამდენიმე ბიჭიც უნდა გამოგყოლოდა - ქონგური, გიო და ალეკო ნიკას შეპირდნენ რომ შინ მშვიდობით მიგვიყვანდნენ. უკან ბრუნდებოდნენ ვანდერერი და ნინოც. თუმცა, მათ ჩხოროწყუში ეჩქარებოდათ წასვლა და მხოლოდ ერთი ღამით შეეძლოთ დაყოვნებულიყვნენ. ჩვენც რომ ასე გვექნა, ტობავარჩხილზე გადასვლა და მალევე უკან გამობრუნება გვიწევდა ოხოჯესკენ. ეს იდეა არც ისე მიმზიდველი იყო, მითუმეტეს, რომ დიდი შანსია ტობაზე ნისლი დაგვხვედროდა და უღელტეხილზე გადასვლა-გადმოსვლაც ფუჭად ჩაივლიდა.
გადაწყდა - ნინო და ზურას ოხოჯეს უღელტეხილზე გადააცილებენ ნიკა და ზურა, იქიდან უკვე უხიფათო გზა-ბილიკები მიიყვანთ მუხურამდე. ჩვენ კი, ყველა ერთად ტობასკენ გავეშურებით. მეორე დღეს, დამბრუნებლები ოხოჯეს ნაპირას გავშლით ისევ ჩვენ კარვებს და დილიდან, უკანა გზას დავადგებით.
გავაცილეთ თანამოლაშქრეები და ორგანიზატორების დაბრუნებამდე, ფრიად საინტერესო თამაშებით ვიქცევდით თავს.
მალე დავინახეთ, როგორ ბრუნდებოდნენ ნიკა და ზურა სრიალ-სრიალით უღელტეხილიდან.
ნელ-ნელა ყველაფერი ავალაგეთ და დავიძარით. უმშვენიერეს ოხოჯეს, მაღლიდან გადავხედეთ. თითქოს ქვემოდან ამოგვცქეროდა კლდის კალთაში ჩაგუბებული ტბა, გვემშვიდობებოდა...
უღელტეხილს მალევე მივადექით. მაგრამ ვერაფერი დავინახეთ გარდა ციცაბო, თოვლიანი მთისა. ერთიანად ნისლი შემოხვეოდა, არც ბოლო უჩანდა და არც კიდეები.
ზიგზაგებით ავდიოდით, ნაბიჯებს ვჭრიდით და ერთმანეთის კვალს მივუყვებოდით. ნისლში დაიკარგა ის ადგილიც, საიდანაც სვლა დავიწყეთ. ავდიოდით მაღლა და ვერ ვხედავდით ვერც თავს, ვერ ბოლოს. უბრალოდ მივდიოდით თოვლში, ნისლში გახვეულ ციცაბო მთაზე. ჩანდა მხოლოდ შავი ზოლი ნაფეხურებისა მაღლა და დაბლა. ჩანდნენ მხოლოდ მოლაშქრეები ამ ნაკვალევში მიმავალი.
ძალიან უცნაური და ლამაზი იყო ეს ერთფეროვნება, საითაც კი გაიხედავ, ვერაფერს დაინახავ გარდა სადა სითეთრისა. ხარ სადღაც, ჯანდაბაში, შენც რომ არ იცი სად, და გიკვირს, რა უნდა აქ ტბას...
ხმამარალმა ყვირილმა გამომაფხიზლა. ის სამი, თუ ოთხი, უღელტეხილის წვერს მიდგომია უკვე.
რკალივით იყო უღელტეხილის პიკი. მარჯვნივ და მარცხნივ არკალული კლდეებით, შუაში კი მყინვარი ჩაგუებულიყო. და გარშემო ისევ თეთრი.. მაღლა, დაბლაც, ყველგან... შეგეძლო წარმოგედინა რომ ღრუბლებში აღმოჩნდი ისე, რომ ეჭვიც არ შეგპარვოდა შენს წარმოსახვაში. ამის იქით, უკვე ტობავარჩხილი გველოდებოდა.
ქედი ისევე ციცაბოდ ეშვებოდა დაბლა, როგორც ამოსვლისას. შეიძლება მეტადაც. თავდაღმართს ძალიან ნელა, თითქმის ვერტიკალურად ვკვეთავდით. განაპირას კლდოვანი ნიადაგი ჩანდა და იქამდე გვინდოდა მიგვეღწია - კლდით და ნაშალებით ჩასვლა გაცილებით უფრო გაგვიადვილდებოდა.
თუმცა ფეხი ჯიუტად სრიალებდა, ჯოხსაც არ ემორჩილებოდა. ისიც კი არ ჩანდა, რომ ჩაცურებულიყავი, სად აღმოჩნდებოდი. ეს უფრო გვძაბავდა.
დაცურდა თეო, თავი ვერ შეიმაგრა. მაგრამ ბედად ქონგური ჩვენი ზოლის დაბლა მდგარა და იქვე დაიჭირა.
არჩილს განსაკუთრებით უჭირდა, ფეხი ყველა გადადგმაზე უსრიალებდა. ორჯერ დაცურდა და ბებდად უკან მდგარმა ჯონიმ მალევე შეაშველა ხელი, ისევ რიგში ჩააყენა.
კლდოვანი ნიადაგი, ალბათ 10 მეტრში იყო, მაგრამ ეს მანძილი საოცრად იწელებოდა.
არჩილი მესამედ აცურდა. ჯონიმ ხელი წაატანა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და თვითონაც დავარდა. ჩვენ ვხედავთ როგორ ეშვებიან ისინი, საცაა მხედველობიდანაც დავკარგავთ.
ბედად, ნიკა უკვე კლეებზე გადასულიყო და რამდენიმე ნაბიჯით დაბლაც ჩასულიყო. როცა ნიკას გაუსწორდნენ, გადახტა და თავზე დაახტა ორივეს. ახლა უკვე სამია, სამი ეშვება სრიალით დაბლა. მაგრამ, მალე სიჩქარეს უკლეს და კლდის ამოშვერილ ქიმთან გაჩერდნენ. ნიკას ფეხი ჩაურჭია თოვლში და ამით შეენელებინა სრიალი.

...
ტბას მხოლოდ ნაპირი უჩანდა. ერთიანად ნისლში იყო გახვეული და ეს უფრო იდუმალს ხდიდა. არ ვიცოდით სად ვიყავით, რამხელა იყო ეს ტბა, რა ხდებოდა მის გარშემო...
კარვები გავშალეთ. ნისლი ნელ-ნელა იყრებოდა. ჩვენ დავინახეთ სივრცე ტბის გარშემო: უშველებელი მთები, კლდეები... ვხვდებოდით რომ კიდევ ბევრი რამ არ ჩანდა.
წუთით შეთხელებული ნისლი ისევ გასქელდა.
პატარა ცივილიზაცია შემოვიტანეთ ამ უცხო ადგილას. ჯოხები ჩავარჭეთ და ზედ ქაღალდები დავაკარით. წრიულად გაშლილ კარვებს შორის, უმზეობის მოედანია. მარჯვნივ, ოხოჯეს აღმართი მიუყვება. ჯონის კარავი უმზეობის I ნომერშია. ჩვენი II-ში, ხოლო გიო და ალეკო, უმზეობის III-ში ბონადრობენ. კარვებს გვერდით პატარა ნაკადული ჩამოურაკრაკებს. ნაკადულის იქით მხარეს, კარავი მოჩანს მარტოდ მდგარი, თუმცა მითითებულია, როგორც - წც...
სუფრა გაიშალა უმზეობის მოედანზე, გილიოტინა გაიხსნა.
შებინდდა.
კარავში შესვლას არავინ აპირებდა.
მუსიკა წრიპინებდა თავისთვის, არავის ესმოდა, მაგრამ ჩვენ ვცეკვავდით. უფრო და უფრო ენერგიულად, უფრო და უფრო ხმაურით.
დაბნელდა.
გაიხსნა სტინგერი!
ვყვიროდით, წრეში დავრბოდით, დავხტოდით. ტბაში არეკლილ მთვარეს შევძახოდით, ფარნები ციმციმებდნენ. ჩვენ არ ვიღლებოდით.
სიცივისგან გაყინულები, ახლა მაისურების ამარაღა დავრჩით.
ქონგურმა ეცჰოეს ჩართო და ერთბაშად ყველაფერი გაირინდა, გაისუსა. 20 წუთით გავშეშდით, ტბისკენ შევბრუნდით და უძრავად შევყურებდით არეკლილ მთვარეს, სიბნელეში მოლივლივე ტბას, ჩუმად ველაპარაკებოდით, გავიცანით და ჩვენი თავიც გავაცანით. ემოეციები და ფიქრები გავუზიარეთ.
მერე ყველა ჩვენ კარვებში შევედით.
მე და თეო უმზეობის III-ს ვესტუმრეთ - გიოს და ალეკოს. და სანამ არ მოგვბეზრდა ''ნამიოკობანა'' იქამდე იქ ვიყავით.
მერე ჩვენ კარავში შევძვერით.
საოცრად წყნარი და უცნაური იყო ეს ყველაფერი.
მიწაზე ვიწექით, მაგრამ ეს მიწა, მიწისგან ძალიან მაღლა იყო.







თავი VI

ცა ერთიანად ლურჯია. გარშემო ყველაფერი ჩანს, ნისლის ერთი ფთილაც არაა!
დიდი, ლურჯი, მკვეთრად ლუჯი ტბა, უძრავად გაშეშებულა.
ყველა მხრიდან მთები ატუზულან. ჩვენ ამ დიდ მთა-კლდეთა ოჯახში ვართ, სწორედ იმ გულთან, რომელსაც ეს ლურჯი ტბა ავსებს.
გულს უნდოდა ერთერთი ამ მთის წვერში მოქცევა. უკეთ აღქმა აქაური სამყაროსი.
და ავირბინეთ მაღლა - მგონი ჯადოსნური ადგილი ვიპოვეთ!
მარჯენა მხრიდან, რასაც შედარებით დაბალი მთები უმაგრებდა, ძალიან, ძალიან დაბლა, ზღვა მოჩანდა, თავზე დაგროვილი ღრუბლებით. ალბათ მათ ქვეშ თოლიებიც დაფრინავდნენ...
უკვე სხვა მხრიდან ტბისა, რასაც უფრო მაღალი მთები შემორტყმოდა, იალბუზი და უშბა ამოზიდულიყო.
აქ, მაღლა, სხვა სამყარო იყო. თითქოს იალბუზი და უშბა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. და ორივე, ახლოს იყვნენ იმ გვირგვინთან, რაზეც ჩვენ ვიდექით.
ფრთების რამდენიმე დატყლაშუნება კმაროდა, რომ რომელიმეს თავზე მოქცეულიყავი.
ჰმ.. პატარა უფლისწული გამახსენდა ეგზიუპერის
დაბლა ალბათ ის ხდება, რაც ყოველთვის ხდებოდა.. და იმედია ვერც ვერასდროს მოაღწევს აქ ის, რაც დაბლა ხდება. იმიტომ რო ის დაბლაა, ეს კი - მაღლა, და ყოველატვის მაღლა უნდა იდგეს.
იქ არ იცოდნენ რო სადღაც, მათ თავზე, ძალიან მაღლა, ბედნიერი მოლაშქრეები სამყაროს ათვალიერებდნენ...

***
ვაშინერსია.. ოო! არ ეგებისო, ეგ არ ქნათო. ადიდდება და აბობოქრდებაო!
ალბათ მართლები არიან, მაგრამ მთავარი გული და სულია.
ისინი, უბრალოდ განიბანნენ.
რიგრიგობით შეიგრძნეს გაყინული ტობავარჩხილი გახურებულ ძვალ-რბილში ტობელებმა.

***
მაღლა, მთაზე ყოფნისას, როცა იალბუზს და უშბას მივესალმეთ და არემარე მოვათვალიერეთ, ნისლი სადღაც, ხევებში ჩაღვრილიყო - ჩვენ კი, კარგად ვხედავდით იმ ბილიკებს და მთებს, რომლებიც ლენტეხამდე იყო გასავლელი.
ჰოდა, გავუთამამადით ამ უნისლობას. სწორედ ამის გამო, ჩვენი გეგმა კიდევ ერთხელ შეიცვალა: ყველანი ლენტეხში მივდივართ!
გასვლა საკმაოდ დაგვიგვიანდა. დიდი დრო მოვანდომეთ აქაურობის შელევას.
საკმაოდ დაბალი უღელტეხილი გვქონდა გადასავლელი, ამიტომ მალევე მივადექით მესამე ტბას.
ამ ტბას, კალიაშს, ზემოდან რომ ვუყურებდით, გამოკვეთილად გულის ფორმა ქონდა. ამიტომ ჩვენ სიყვარულის ტბა დავარქვით. ის უიმედოდ შეყვარებულა ტობავარჩხილზე და მასთან მიღწევას უშედეგოდ ცდილობს. ტბის ნაპირები სავსე იყო ფერადი ყვავილებით და მწვანე ბალახებით. კამკამა იყო და წმინდად ირეკლავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა.
მეოთხე ტბა მყინვარებს შორის მოქცეულიყო. ეს ტბა, ძელიღელე, ყოველთვის გაყინულია. შემორტყმულ კლდეებზეც და ტბის ზედაპირზეც მწყინვარები დაფენილიყო და ერთიანად გადათეთრეულიყო არემარე.
ნისლი შემოგვეპარა ნელ-ნელა.
სწორედ იმ დროს, როცა მთიდან დაბლობზე უნდა ჩავსულიყავით. იმ დროს, როცა ჩასასვლელი ბილიკი ჯერ კიდევ არ გვქონდა ნაპოვნი.
ნიშნულად კომპასიღა დარჩა, რომელსაც რაც უნდა მოენდომებინა, იმაზე მეტს ვერ გვეტყოდა გარდა დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებისა.
მთა საკმაოდ ციცაბო იყო. ყველგან დეკები ამოსულიყო და ეგ იყო ის ერთადერთი, რაც ხელის მოსაჭიდად გამოდგებოდა. მიხვეულ-მოხვეულად მივდიოდი ერთ მწკრივად, ერთბაშად ამხელა დაღმართი რომ არ აგვეღო.
მაგრამ..
ნიკამ შეატყო რომ არასწორ გზას ვედექით და უკან აბრუნება მოგვიწია.
ისევ დაბლა ვეშვებით, მაგრამ ახლა სხვა მიმართულებით. ეს უფრო დამრეცია.
დეკები ერთიადან დაუსველებია ნისლს და ხელის მოჭიდებაც ჭირს. ისე გაბურდულიყო ეს მცენარე ყველაგან, მიწამდე ვეღარ წვდებოდა ფეხი და ზედ გვიწევდა გადავლა. ამიტომ ფეხიც სრიალებს.. ზოგან დეკაც არაა და ციცაბო ნაშალზე გვიწევს ჩამოძვრომა. ყველაზე ძნელი კი ისაა რო ეს ოხერი ნისლი არაფერის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს - სად ვადგამთ ფეხს, დაბლა რა ხდება.. (მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა, კარგიც იყო რომ ვერ ვხედავდით დაბლა რა ხდებოდა)
გოგო-ბიჭი მოვდოდით რომ უცებ ვინმე არ დაგორებულიყო დახმარების გარეშე.
კარგა სიარულის მერე, ნიკამ გვითხრა რო ყველა იქ გავაჩერებულიყავით, სადაც ვიდექით. შედარებით ნაკლებად დამრეცი ადგილი იყო და იქვე ჩავჯექით ყველანი.
ნიკა და ჯონიმ გზა გააგრძელეს რომ როგორღაც გაეგოთ სად მივდიოდით.
დრო კი საოცრად იწელებოდა ამასობაში.
გაუნძრევლად და უხმოდ ვიჯექი მთელი ეს დრო, რომელიც უკვე საათად მეჩვენებოდა და ერთ ფიქრზე მეორე მემატებოდა - იმ ორის მშვიოდბით დაბრუნების.
ზოგი რაღაცეებს ხუმრობდა, ჩაგვაცინებდა ხოლმე და ცოტა შეამსუბუქებდა განწყობას. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ყველა მოუთმენლად ელოდა როდის შემოგვძახებდა ნიკა მხიარულად - ბილიკი!
დაბლა ორი თავი გამოჩნდა. აწეული არა - დახრილი.
არავის არ ამოუღია ხმა, ან რა იყო სათქმელი? უკვე ვიცით რომ დღევანდელი დღე, დაკარგულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
იმედი მქონდა რომ ხვალ დავრეკავდი და დედას ამოვასუნთქებდი, ახლა კი ისიც არ ვიცი ზეგ ან მაზეგ დავრეკავ თუ არა. არადა ახლა ერთ ზარზე მეტად არაფერი არ მინდა. თუ გინდა მერე 10 დღე არ დამაბრუნა სახლში.
ერთი ეგ თქვა ნიკამ ვბრუნდებითო და როგორ ავბრუნდით ეგ აღარ მახსოვს.
ნისლში გაჭირვებით ვარჩევდი სად ვიყავით. ძლივს ვიცანი - გულის ტბა.
უშველებელი ბალახები ჯოხებით გავკაფეთ. ფეხებქვეშ რბილ, წყლიან მიწას ვგრზნობდი.
ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. დედაზე მეფიქრებოდა. ხვალ-ზეგ უკვე თბილიში მელოდება, მე კიდევ ვერც ვურეკავ... ჩემ თავზე ვბრაზობ ძალიან ეს ლენტეხი რომ ავიტეხე და სხვაზე აღარ ვიფიქრე.
არჩილის ხმა მესმოდა - ახლავე გაიღიმე ზღარბოო!
შენ კი ლენტეხელი ხარ ისედაც არჩილ და გათვლილი გქონდა ეს დაკარგვები, მაგრამ მე სადღა მოვდიოდი?!
კარავში შევძვერი და აღარც გამოვსულვარ.
მეორე დილას ბიჭები დასაზვერად უნდა წასულიყვნენ და იმ იმედით დავიძინე, იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად გაგრძელდეს როგორი ფიქრებიც ახლა მაქ...
დილას მაინც რაღაც ახალი და კარგი მოაქ ყოველთვის, ესე არაა?


თავი VII

ეს ერთობ არასასურველი მოვალეობა - დილის 7 საათზე მძინარე ნიკას გაღვიძება, უფრო სწორედ - გამოფხიზლება, მე დამეკისრა რაღათქმაუნდა. არ ვიცი ჩემი ბრალი იყო თუ ნიკასი, მაგრამ ფაქტია რომ მის გარდა ყველა გამოფხიზლდა.
ნიკა, ზურა, ჯონი და ქონგური - ამ ოთხის იმედზე ვართ ყველა, რომ მოწმენდილ ცაზე, მთიდან ჩამოსასვლელ ბილიკს იპოვნიან.
9 საათი იყო ქონგური და ზურა რომ დაბრუნდნენ.
- მთელი მთა დეკით მოფენილა და მერე ციცაბო ნაშალი ჩადის ყველა მხრიდან. ბედი ჩვენი რომ გზა არ გავაგრძელეთ და სადმე არ ჩავიჩეხეთ ნისლში! ერთი დაგანახათ გუშინ სად მივფორთხავდით.. -მომესმა ქოგურის აღშფოთებული ხმა. ზურა კვერს უკრავდა:
- მალე ადექით ყველანი! უკან ვბრუნდებით... დღეს ოხოჯემდე უნდა მივიდეთ.
კარვიდან კი არა, საძილედანაც არ მინდოდა თავის გამოყოფა ამ ამბის გამგონეს.
ალბათ ათიოდე წუთი გავიდა, ნიკას მხიარული ყიჟინა რომ მომესმა.
ყურები ვცქვიტე.
ყველაფერი მართალი აღმოჩნდა ქონგურის ნათქვამი, გარდა შემდეგი ორისა:
ერთი ის რომ ამ ციცაბო დეკა-ნაშალებს ერთი ქვიანი, კოხტა, მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მიუყვებოდა. და მეორე: ჩვენ კი არ ვბრუნდებით, არამედ ამ ბილიკს მივუყვებით, რომელიც ბოლოს მწყემსების ქოხთან მიგვიყვანს!
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივე ჯგუფს შეუმჩნევია ეს ბილოკი, რომელიც ძალიან ნათლად ჩანდა მოწმენდილ ცაზე.
ცხადად წარმომიდგა წყლიანი სულგუნი და კარვიდან გამოვხტი.
ჩვენს დილის საუზმეს, ანუ ერთ ჭიქა მუსლის, არჩილის დარჩენილი ნუშის ნამცხვრის ნარჩენებიც მიემატა. რას ამბობ, დღეს ვქეიფობთ - გზა გამოჩნდა!

***
ბილიკზე სიარული ძალიან გამიჭირდა. ძლივს მივჩანჩალებდი და ფეხებიც გვარიანად ამტკივდა. მერე როგორც მივხვდი ოდნავ დიდი ბატინკების ბრალი იყო, ფეხი რომ არამყარად მედგა შეგნით და მთელი დატვირთვა წვერებზე გადადიოდა.
სწორედ ამიტომ მიშველა ზურას მოცემულმა ჯოხმა თითებსაც იმდენი ძალა აღარ აწვებოდა.

***
ხელებგაშლილი გამოიქცა ქოხიდან ვიღაც ჩვენს დასახვედრად.
გაოცებული გვიყურებდა მოხუცი ტარიელი და რა ეთქვა აღარ იცოდა. ხან გოგოებს შემოგვხედავდა გაოცებული, ხან იმ კლდეებს, საიდანაც ჩემოვედით, ხან ყველას ერთად გადაგვავლებდა ბედნიერ თვალებს და სულ იმას იმეორებდა, რამდენი წელია მე აქ მწყემსი ვარ და იქიდან ჩამოსული ამდენი ხალხი ერთად არასოდეს მინახავსო.
ქოხიდან კიდევ რამდენიმე მწყემსი შემოგვეგება.
ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდებაო, გახარებულები შემოგვცქეროდნენ - მონადირის ან ვინმე ჩვენიანის მეტი ჩამოსული არავინ გვინახავს იქიდანო.
ეზოში ცხენი ფრუტუნებდა. ახლადნაშობი ბეკეკო, ჯერ კიდევ სისხლიანი, მორცხვად ატუზულიყო დედის გვერდით. ინტერესით გვაკვირდებოდნენ ცუგები...
ცოტა სულის მოთქმის შემდეგ, წასვლა დავაპირეთ. დღეს საკმაოდ ბევრი გვაქვს სასიარულო რომ დაკარგული დროის ნახევარი მაინც შევავსოთ.
მაგრამ, გაგვიგიჟდნენ მოხუცი მწყესები!
თურმე უკვე თუხთუხებდა ქვაბში ელარჯისთვის ფქვილი...
ოო! ელარჯი! ეს იყო ღვთიური სიტყვა, რამაც ყველა მონუსხულებივით შეგვაბრუნა ქოხში.
ინტერესით და მშიერი თვალებით ვუყურებით ახალგაზრდა მწყემსის საქმიანობას - როგორ ურევდა მოთუხთუხე ქვაბს, როგორ ამოღო სულგუნებით სავსე საწნახელიდან ჯერ კიდევ ამოუყვანელი უშველებელი ყველი და გრძელ-გრძლად ჩააჭრა ქვაბში.
მერე გრძელი, დაბალი სკამი გამოიტანეს. ვინ ჭიქას ამზადებდა, ვინ თეფშს, მაგრამ ამ სკამის დანიშნულება მალევე გავიგეთ და სასწრაფოდ დავმალეთ რაც ხელში გვეჭირა.
დიდი, ხის კოვზით ამოიღო და ბრტყლად დააფინა მთელ სიგრძეზე. სკამს გარშემო შემოვეხვიეთ და თითები მოვიმარჯვეთ.
გრძლად იწელებოდა ყველი, საერთო მასას წყდებოდა თეთრი ნაკუწები და დაფჩენილ ხახებში ინაცვლებდა.
ალბათ ათი წუთიც არ გასულა, ფიცარი ერთიადან რომ მოსუფთავდა და ჩვენც უღონოდ მივესვენეთ ტახტზე.

***
არ ვიცი რა იყო ამ ელარჯში გარეული, მაგრამ გზა საოცარი ტემპით გავაგრძელეთ.
ერთი ხანი ბილიკს მივუყვებოდით. მაგრამ მალევე ეს ბილიკი ტყვეში შევიდა და ნელ-ნელა დაიკარგა.
აჰ.. მგონი ისევ აიბნა გზა. მგონი ისევ...
მაგრამ ჯერ ბედნიერები ვართ - ხეებს ვხედავთ, მწვანე ხეებს. ტყვეში ვართ! არ გვაინტერესებს დაბალია, გაბარდულია თუ რაარის, ტყეა და ხეები.
მაგრამ აღმოჩნდა რომ მალევე დაგვაინტერესა ამ ყველაფერმა.
უფრო და უფრო ღრმად, უფრო და უფრო იხლართებოდა ერთმანეთში ხეები, ტოტები, გაბურძგნული ეკალბარდები, ბუჩქები... უფრო და უფრო ჭირდა გადაადგილება.
მერე გამოჩნდა მინდორი, წელამდე ბალახებით, მაგრამ მინდორი!
თუმცა ეს უბრალოდ მინდორია და არა ბილიკი. მაგრამ რაღაცა ბილიკად მას შემდეგ იქცა, რაც ნიკამ ცხენის, დათვის ან ჯანდაბის ნაკვალევი შენიშნა და ვივარაუდეთ რომ ეს ბალახებით დაფარული ბილიკია.
ხელებაუწეული მივდიოდით დიყებში და ბებერ ჯინჭრებში. ალაგადაგ ისე იყო ბალახები გაქელილი, გეგონება ვიღაც წაქცეულაო. მალე მივხვდით რომ უბრალოდ მთვრალი დათვის ან რაღაც მაგდაგვარის ნაბოდიალევს მივუყვებოდით და არა ბილიკს.
მაგრამ რას იზამ, სად წავა, ვივლით და გამოჩნდება!
მთა ციცაბოდ ეშვება დაბლა.
სველი ბალახებით სავსე დაქანებაზე, სულ სრიალით და მჯდომარე ჩავცურდით. სწორედ აქ მოეღო ბოლო ამეთვისტოს შარვლის ნამეტანი საპატიო ადგილს. ამის ყურებაღა გვახალისებდა ჩვენც რომ არ ვიცოდით იქ მიმავლებს.
მდინარის პირას გავჩერდით ცოტა ხანი. ჩვენს წინ ატუზულს, წინანდელზე უფრო ციცაბო მთას შევყურებდით. თხელი, აქა-იქ სქელი ბალახებით დაფარულს.
ამ მთაზე უნდა ავსულიყავით, მაგრამ მგონი ზურამ და ნიკამაც არ იცოდა რატომ...
რუკაზე აღნიშნული ლეტნიკის იმედი ქონდათ ახლომახლო.
ჰმ.. რუკაზე ბილიკიც იყო აღნიშნული, მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანდა გარშემო.
ავაღწიეთ ამ ქედის წვერშიც.
პირდაპირ, მორიგი ქედის მეტი არაფერი ჩანს.
აი აქ კი აირია ჯგუფი - არჩილმა დაიჩემა, ამ ქედს მაღლა, დასავლეთსკენ უნდა ავუყვეთო და მართლაც დაადო თავი და აუყვა. ქონგურმა კი - პირდაპირ რო ქედია, ეხლა იმაზე უნდა ავიდეთო და ისიც გაუდგა გზას. დანარჩენები კი, როგორც ვიდექით და სადაც ვიდექით, იქვე ჩავჯექით და უაზრდ გავცქეროდით ქონგურს და არჩილს.
ნისლი წამოვიდა, უიმისოდ რომ არ მოგვეწყინა.
რუკაც დუმს - მე არაფერ შუაში ვარ აქ მომხდარ ამბავთანო.
გზას ვეღარ გავაგრძელებთ, უნდა დავბანაკდეთ. მაგრად სად? აქ ვერსად...
ამასობაში ქონგური ქედზე შუამდე ასულიყო და გაუნძრევლად იდგა. არჩილი კი, იმავე ქედის ძირში გაშეშებულიყო. ასე იდგნენ ათ წუთს ალბათ. ვეძახდით რომ იქით წასვლას აზრი აღარ ქონდა, რომ მობრუნებულიყვნენ და საბანაკე ადგილი გვეპოვნა. კაი ხანი გაგრძელდა ეს ქედიდან-ქედზე გადაძახილი, მაგრამ ქოგური ისე დარწმუნებით ამბობდა მანდ ვეღარ დავბრუნდებიო, რომ თამუსიას გადავხედე - მგონი ამაღამ უკარვოდ დავრჩით-მეთქი.
მერე როგორც იქნა დაგვიბრუნდნენ და გზა განვაგრძეთ. წავედით მდინარის იმ პირისკენ, სადაც კარვის გასაშლელ დაბლობს ვვარვაუდობდით.
ანუ ამისთვის ეს ქედი უკან უნდა გადაგვევლო. ქედზე უღრანი, დაბალ ხეება და ჩახლართულ ბუჩქება ტყე შემოგვცქეროდა. გვიხმობდა - მოდით, გამკაფეთ, ჯერ თავი შემოყავით, მერე ფეხებიო.
ნილს წვიმა დაემატა და გემრიელად დაასველა გაბარდული ფოთლები.
მივდიოდით ამ ბარდებში მოკუნტულები. ხელებით ტოტებს ვწევდი, ბუჩქებს შორის მივძვრებოდი. ფეხებში საწვიმარი მებლანდებოდა და მგონი შარვალიც მძვრებოდა. მაგრამ არც ადგილი მქონდა საამისო ამ ყველაფერის გასასწორბლად და არც ჩემს სველ და გაყინულ თითებს შეეძლო ამისთანა მოქნილი მოძრაობების გაკეთება.
პარტიზანებს ვგავდით ტყიდან რომ გამოვძვრებოდით პატარა შემხვედრ მინდორზე.
თავმოყვარე ცხოველი ამ ტყეში არ შემოვა, ეს რა ხდებაო?! - ჯონის ხმა მომესმა უკნიდან.
ნელ ნელა ყველაფერს ასველებდა პატარ-პატარა ფოთლები. არ ვიცი უკვე მერამდენე ტოტი შემეფეთა სახეში. გემრიელი სილა მტკიცა.
ის იყო მიმართულებამ მკვეთრად დაბლა ჩაინაცვლა და მდინარესთან, მინდორში ამოვყვაით თავი. ეს საბანაკე ადგილია.
მაგრამ ცვენი სიხარული მალევე ჩაიფუშა, ჰორიზონტზე ჩვენი ნაცნობი მწყემსების ქოხი რომ გამოჩნდა და დაბლა, რაღაც ბილიკისმაგვარი _ იმ ქოხისკენ მიმავალი. ვინ იცის გვხედავენ კიდეც და ფიქრობენ - ან რას ადიოდნენ, არ რაღას ჩამოვიდნენო...
ესეც მორე დაკარგული დღე.
კარავს ვშლი, საოცრად დაძაბული ვარ.
უცებ ამეთვისტოს შარვალზე მომხვდა თვალი და სიცილი წამსკდა. ისე სასაცილოდ მოუჩანდა რო მოდი და არ გაგეცინა ამის შემხედვარეს.
გამიბრაზდა დაჩი და ჩანთა აიფარა. გაჭირვებით გადაადგილდებოდა იმხელა ჩანთით.
-რა იყო ტრაკი არ გინახავთ?!
-რაღას წვალობ დაჩი, მაინც ყველამ ნახა რაც დასანახი იყოო - არჩილმა გასზახა.
-რას და ქინქლებმა დაიდეს შიგნით ბუდე! - საბოლოოდ გავმხიარულდით ყველანი.
ისე ქინქლები მართლაც აურაცხელი იყო. ძალიან მწარედ იკბინებოდნენ და ადამიანის უნახავები, დაუსრულებლად გვესეოდნენ.
ბიჭებმა ივაჟკაცეს შეშაზე და ნიკამ ლამაზი ცეცხლი დაგვინთო.
ცეცხლი! მონატრებული ცეცხლი... აქამდე სულ გაზის ბალონებით ნაცოდვილარებს, გვეღირსა როგორც იქნა მამა-პაპური კერა.
თითქმის ყველაფერი სველი იყო და ძნელი იყო არჩევანის გაკეთება, რომელი პირველი გაგვეშრო.
თუმცა ბევრი ვერც ვერაფერი მოვასწარით. წვიმამ მალევე შაახშო ჩვენი ბედნიერება.


თავი VIII

ამ დილითაც უნდა ივაჟკაცონ ნიკამ და ზურამ და ახლომახლო დაზვერონ - საერთოდ არის თუ არა ტყეში ბილოკი, რომელიც ლენტეხის გზაზე დაგვაყენებს.
7 საათი არ იყო ჯერ როცა წავიდნენ და ჩვენ კარგა ხნის ამდგარნი ვიყავით, როცა უკან დაბრუნდნენ. ბალახებზე და ფოთლებზე შერჩენილ ცვარ-ნამს, ერთიანად დაესველებინა ორივე.
სახარბიელო არაფერი ყოფილა - ნაბილიკარიც კი არსად ჩანდა ისე გაუდაბურებულიყო გარშემო ყველაფერი.
სხვა გზა არ იყო, ისევ მწყემსებთან უნდა დავბრუნებულიყავით და წავსულიყავით უახლოესი დასახლებული პუნქტისკენ.
მზიანი დარი დაგვიდგა და კარგა ხანს ვნებივრობდით. თუმცა საჩქაროც არაფერი იყო, დღეს მაინც ვერსად გადავალთ და ამაღამ ისევ ამ ადგილებში მოგვიწევს დარჩენა.
გასაშრობები გავაშრეთ, შევბოლეთ და ნელ-ნელა ავიბარგეთ.
მწყემსების ქოხი ჰორიზონტზე მოჩანდა და იქამდე გადასვლას საათზე მეტი არ დასჭირვებია.
მეორედ ჩვენ ნახვას აღარ ელოდებოდნენ მწყემსები, ძალიან გაუხარდათ. დატრიალდნენ და მაშინათვე ღომი გაგვიმზადეს, ბლომად სულგუნით. ჩვენ ამას მივირთმევდით, მათ კი ჩვენი მიცემული და ყელში ამოსული ძეხვები და შედედებული რძე, ბავშვივით ახარებდათ.
უახლოესი დასახლებული პუნქტი ხაიშია, აქედან 35 კილომეტრში. სასიარულოა მთებზე, აღმართებზე, უღელტეხილი უნდა გადავიაროთ: აი, იმ მთის წვერზე, ხვალ დილით მზე საიდანაც ამოიწვერებაო - სადღაც, შორს გაიშვირა თითი ამირანმა...
მწყემსებთან ვიჯექით და ნამიოკობანას ვთამაშობდით დაუსრულებლად.
შებინდებისას ამირანმა კარვების გასაშლელად გაგვყარა:
-დილის 6 საათზე რომ დაგიყვირებთ აქედან, პადიომ, მაშინათვე უნდა წამოხტეთ ყველა, თორემ სულ ჯოხით დაგერევით!
კარვები ქოხისგან ცოტა მოშორებით გავშალეთ. მაგრამ მალე დაძინებისა რა გითხრათ - ცეცხლს შემოვუსხედით გარშემო და კარგა გვიანამდე ვლაპარაკობდით. უფრო სწორად, ერთმანეთს ვახასიათებდით რიგრიგობით.
კარგად შევყევით თამაშს, არ გვადარდებდა რომ ხვალ მზისთვის უნდა დაგვესწრო ადგომა. ამირანი გამოგვძახებდა ხოლმე - აბა დროზე კარვებშიო!
ბოლოს შეველიეთ ერთმანეთს, ცეცხლს და ჩვენს კარვებში შევძვერით.


თავი IX

მთელი 10 წუთი ცდილობდა ალეკო ჩვენს გამოფხიზლებას, აღარ იცოდა როგორ გამოვეტყუეთ კარვებიდან.
მოხვდა კიდეც ერთი-ორი მწარე სიტყვა.
დიდის წვალებით ავედექი და კარვიდან გამოვძვერი.
ექვსი საათია.
გრძელ-გრძელი ბალახები სულ დაენამა დილის ცვარს. ფეხები და შარვლის ტოტები უკვე სველი მქონდა როცა მდინარესთან ჩავედი პირის დასაბანად.
მალე ამირანიც მოგვადგა და აქამდე კიდევ მწოლიარენი, სულ ჯოხით გამოყარა კარვებიდან. გამოსამშვიდობებელი ფოტოები გადავიღეთ და იქნებოდა შვიდი საათი, გზას რომ გავუყევით.
წინ მიგვიძღოდა ცხენზე ამხედრებული ამირან ბაბუა. გზა ჯერ სწორად მიდიოდა და ჩვენც ვცდილობდით არ ჩამოვრჩენილიყავით. მაგრამ ასე სიარული და შემხვედრი მდინარეებიდან წყლის ხვრეპა, დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
გზამ მაღლა აიწია მთებისკენ, დაუსრულებელი აღმართებისკენ, ქედებისკენ...
ავდიოდით მწვანე მთიდან, უფრო მაღალი მწვანე მთისკენ. იცლებოდა ბოთლში წყალი...
ამირანს სულგუნები წამოუღია ჩვენთვის და ერთერთ მაღლობზე კუჭიც მოვატყუეთ. დილიდან მშივრებს, ენერგიები მოგვემატა.
და მერე ისევ აღმართები...
ავდიოდით უფრო და უფრო მაღლა, თითქმის არც ვისვენებდით. წყალი ყველას გაგვითავდა და მზეც თანდათან უფრო შემაწუხებელი ხდებოდა.
ჩვენი ბაბუ კი დააგელვებდა თავის რაშს და თან რაღაცეებს მიიმღეროდა.
წყალი ლიმონმა და ბალახებზე შერჩენილმა დილის ნამმა შეცვალა. იქამდე ვწუწნიდით ლიმნის ნაჭრებს, სანამ ბოლომდე არ გამოვწუწნიდით რაც კი რამ სითხე ჰქონდა.
და მივადექით როგორც იქნა უღელტეხილს - სვანეთის მთებს გადავყურებთ.
ნახევრად სირბილით ჩავედით ქედზე - დაბლა მდინარე მორაკრაკებდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი და რამდენი წყალი დავლიე...
უღელეხილს აქეთ განსხვავება აშკარად თვალში მეცა. ერთბაშად უშველებელი შეუვსებელი სივრცე გადამეშალა. დიდ მთებზე სულ დაბალი ტყეებია შეფენილი. ჩვენ ამ ქედებს შორის ხევს მივუყვებით.
მეგონა მალე მივიდოდით ხაიშამდე, მაგრამ გზა დაუსრულებელი ყოფილა. ბილიკი უშველებელ გვიმრებში და დეკებში იკლაკნებოდა, ჭინჭრებიც არ გვავიწყებდნენ თავს. ნიადაგი რბილი და წყლიანი იყო.
როგორც ყოველთვის, ახლაც ერთ ზოლად მივდივართ, ფეხდაფეხ მივყვებით ერთმენათს. ამირანი შესვენებას არ გვაცლიდა გზაში რომ არ დაგვღამებოდა. საკმაოდ ჩქარი ტემპი გვაქვს აღებული.
მაგრამ ეს გვიმრები...! ერთიანად ამოვიგანგლეთ სისველესა და ტალახში.
თავსზემოთ ცა ლურჯი იყო, მაგრამ მოულოდნელად თავზე მსხვილ-მსხვილი წვეთები ვიგრძენით. ზუსტად ჩვენს თავზე ყოფილა პატარა, შავი ღრუბელი და რამდენიც გავიარეთ, ფეხდაფეხ მოგვყვებოდა.
გზის ნახევარი გვექნებოდა გავლილი, მწყემსების ქოხებს რომ მივადექით. სახლებიდან ქალები გამოგვეგებნენ, გვეპატიჟებოდნენ. მაგრამ ამირანს მკაცრად ვყავდით გაფრთხილებული რომ ქოხებთან არ გავჩერებულიყავით.
აი აქ დასცხო კოკისპირულმა წვიმამ. გზა ერთიანად ატალახდა და სიარული უფრო გაჭირდა. ბილიკი ტყეში შევიდა. ყელამდე ტალახი იყო, უშველებელი გუბეები...
ჩვენი ტემპი კი - ჩქარზე ჩქარი.
სამანქანე გზას მივადექით. თუ შეიძლება მას სამანქანე ვუწოდოთ.
აქ ყველანი გავჩერდით. რამე უნდა გვეჭამა თორემ ცუდად იყო ენერგიების საქმე.
ერთანად ამოვასუფთავეთ, ვისაც კი რისი ნამცეც-ნარჩენი მოეპოვებოდა ჩანთაში და რაღაცნაირად დავნაყრდით.
გზის პირას მდინარე ბობოქრობდა. წვიმიან ამინდს სულ აემღვრია. ყველა მდინარის ნაპირას ჩამომსხდარიყო და გამალებულ რეცხვა-წმენდას შესდგომოდნენ. აქ იყო ჩემი ბატინკიდან გამოსრიალებული წინდა დაბლა მდგარ ალეკოს რომ ჩაუვარდა ხელებში.

***
შესვენების მერე, ცოტა გამიჭირდა გზის გაგრძელება. ფეხები მომიდუნდა და კუნთებში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. თეოს ჯერ კიდევ უღელტეხილზე გადმოსვლისას გადაბრუნებია ფეხი და ამ შესვენების მერე, ყველაზე მეტად მას გაუჭირდა გზის გაგრძელება. ძალიან აწუხებდა და უკან, ნელა მოდიოდა.
სადღაც ორ საათში მივადგებოდით სოფელს, ტარიელი რომ გამოჩნდა - მწყემსებთან მიდიოდა.
ჩვენ იქ ნახვას არ ელოდა, გაოცებული იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა. თეოს ამბავი რომ გაიგო, ცხენიდან ჩამოვიდა და ზედ შესვა. ამირანი წინ იყო წასული და რომ მივუახლოვდით, თვითონ ჩამოვიდა ცხენიდან და ტარიელი დაითანხმა გზა გაეგრძელებინა.
ხაიშში, ცოტა არ იყოს შარიანი სვანები ყოფილან და ამირანი, ხაიშთან ახლო, ერთ პატარა სოფელში, ნაცნობ ოჯახში აპირებდა ჩვენს მიყვანას.
ბაბუ მალე დაიღალა და თეოს ისევ ფეხით მოუწია გზის გაგრძელება. ამიტომ ჯგუფი საკმაოდ ნელა მივდიოდით. თუმცა საშიში არაფერი იყო - სულ მალე, სოფელს მივადგებოდით.
აი აქ, მოულოდნელად, ჩემმა ტელეფონმა ხმა ამოიღო! ერთმანეთს ასწრებდნენ მესიჯები და აი, ზარის ხმაც გაისმა. ჩემი ვანო რეკავდა! არ ვიცი რა იგრძნო ამისთანა, რომ ზუსტად იმ წამებში აკრიფა ჩემი ნომერი, როცა ტელეფონმა დაიჭირა. მხოლოდ "ალო" მოვასწარი, რომ კონტაქტი ისევ დაიკარგა. მაგრამ მთავარია ხმა გაიგო.
სოფელს ვუახლოვდებით.
სვანებზე ვხალისობდით მე და ზურა, ჩვენდა მოულოდნელად `ბირჟას~ რომ მივადექით. დროზე გავაჩერე ზურა თორემ სასიკეთოდ არ წაგვივიდოდა საქმე.
დიდის ინტერესეით გვათვალიერებდნენ იქაურები და ეს ნამეტანი მძაბავდა. თუმცა საკმაოდ თბილად შეგვხვნენ, თურმე იცოცნენ ჩვენზე და ჩვენს ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
ორი ბიჭი გამოგვყვა - მათ სახლში მივდიოდით.
თეოსთან ერთად მოვიდავრ, მონადირე და თამუსიაც ჩვენთან ერთად არიან. მოკეცვისას ფეხი ტკიოდა თეოს და არტაშანი დავადეთ, ასე უკეთესი იყო. სახლამდე გზა საკმაოდ გაიწელა, თუმცა კარგად გავერთეთ ჟოლოს ჭამაში. სახლში რომ მივედით, უკვე გვარიანად ბნელობდა.
ეზოში რომ შევედი, ყველაფერი მეუცნაურ-მეუცხოვებოდა. ნათურებსაც კი ინტერესით შევცქეროდი.
ტელეფონი მხოლოდ ეზოს ერთ კუნჭულში იჭერდა და ყველა იქ მოვგროვდით, ატყდა ერთი რეკვებ-ზარები. შეშინებიათ ჩვენს ახლობლებს ძალიან - მუხურიდან ცხენებით აპირებდნენ თუმრე წამოსვლას კიდე რომ რომ არ გამოვჩენილიყავით, ბელას თვითმფრინავებიც გამოუშვია ჩვენთან მაგრამ იმ ნისლში რას შემოვიდოდნენ.. უთქვამთ-ვერსად ვიპოვეთო.
ძალიან ბედნიერები ვართ!
თითქოს სხვა პლანეტაზე გადახვეწილები, მონატრებულ ახობლებს დავუბრუნდით.
კარვები ეზოში გავშალეთ.
წვიმა წამოვიდა და ყველა გადახურულ ვერანდაზე დავსხედით. კარტოფილის სუნი მეცა და არც შევმცდარვარ - ჩვენთვის მზადდებოდა.
უგემრიელესი სუფრა გავიშალეს, მონატრებული საჭმელებით. ჩაი და მურაბები დაგვაყოლებინეს.
იმ ღამეს ძალიან ტკბილად დამეძინა.




თავი X

დილით კარვებთან მოფუსფუსე მასპინძლების ლაპარაკმა გამაღვიძა. მზე ისე ადგა კარავს, საკმაოდ გვიანი მეგონა - თურმე რვა საათიც არ ყოფილა.
სხვა რა გზა იყო, გამომაფხიზლეს და ავდექი.
მალე ყველა აიშალა და კარვების ალაგებას შევუდექით.
ინტერესეით გვათვალიერებდნენ მასპინძლები. განსაკუთრებით კარვების კომპაქტურობა აკვირვებდათ. კიდევ, ეს ჩვენი ნივთები - მთელი ეზო რომ ეკავა, ამხელა ზურგჩანთებში როგორ მოთავსდა.
დიასახლისმა უგემრილეესი ყავა გაგვიმზადა - გამომაფხიზლა.
მარშუტკა ეზოში შემოვიდა. ფოტოები გადავიღეთ და სიყვარულით დავემშვიოდეთ ერთმანეთს.
რაღაცნაირად თბილა...
ყველა საოცრად შევეჩვიეთ ერთმანეთს და ეხლა რაღაც მთლიანობას ვგრძნობთ.
თან გვიხარია რომ უკან ასეთი ბედნიერი და საღსალამთნი ვბრუნდებით. მალე ახლობლებს ჩავეხუტებით.

***
იქ, მაღლა, ბევრჯერ გვილაპარაკია, როგორ ჩავიდოდით ლენტეხში და როგორ შევექცეოდით კუბდარს.
ჰოდა ლენტეხი არ იყო, მაგრამ მაინც გავაჩერეთ ჩვენი მარშუტკა სასადილოსთან და მაგიდას შემოვუსხედით.
გვიხარია ერთმანეთი და ყველაფერი.

***
ზუგდიდში რომ ჩავედით, ტრანსპორტის ამბავი გავარკვიეთ და მატარებელს ავტობუსს გაყოლა ვარჩიეთ. კარგი ავტობუსი ჩანდა და თანაც შვიდზე თბილიში ვიქნებოდით.
დრო გვქონდა და დადიანების სახლ-მუზეუმისკენ გავსწიეთ.
ჭიშკრამდე არ ვიყავით მისულები, მე და თეომ ინტერნეტ-კაფე რომ დავინახეთ. ერთმანეთს გადავხედეთ გაღიმებულებმა და შიგნით შევვარდით, ზურაც შემოგვყვა.
აიკრიფა კარავი.გე
თურმე მონადირეებს, ოხოჯემდე რომ შეგვხვდნენ და ლენტეხში გადასვლაზე "აპასნიაო" გვირჩიეს, მუხურში ჩაუტანიათ ეს ამბავი და ზურას ოჯახს, ადმინისთვის შეუტყობინებია - ლენტეხში გადადიანო და ასე თუ ისე ელოდნენ ჩვენს დაგვიანებას.
ავტობუსის გასვლის დრო ახლოვდებოდა. სამწუხაროდ, ნაწილი ავტოსტოპით აპირებდა და დაშლა გვიწევდა, გვიჭირდა დამშვიდობება...
მგზავრობა საოცრად გრძელი, მოწყენილი და დამღლელი მეჩვენა. თითქმის სულ მეძინა. შიგადაშიგ ცოტას თუ წავილაპარაკებდით და ჭამით შევიქცევდით თავს.
და აი... თბილისი... დიდუბე... სამთო ქიმია, ვანო დავინახე! ჩამოვხტი და პირდაპირ იქით გავექანე.
ბედნიერი ვარ!