Monday, March 29, 2010

მისი პატარა ანგელოზი

ის შევიდა პატარა ოთახში. შევიდა რომ ენახა ავადმყოფი... რომ ჩაეხედა მის თვალებში და კიდევ ერთხელ ეთქვა რომ გარეთ მზე ანათებს, გარეთ ხალხი ცხოვრობს და ის მათი ნაწილია.
ავადმყოფი ნაზად იღიმება და ქერა კულულს თითზე იხვევს. სადღაც ჭერის კუთხეში იყურება და თითქოს თვალებით ცდილობს გაარღვიოს ობობას ქსელი.
ის ჩამოჯდა და უყურებს გაუნძრევლად. უყურებს როგორ ჭამს მისი ანგელოზი, ზეციდან მხოლოდ მისთვის ჩამოსული. უყურობს როგორ ადნება ხელებში ეს ანგელოზი, როგორ სუსტდება, როგორ მუქდება მისი ლამაზი თვალის უპეები და როგორ ეძარცვება ტანზე ის ერთადერთი კაბა რომლის გახდაზეც ვერაფრით დაითანხმა. როგორი კაბა არ მიუტანა - თეთრი, ფერადი, ჭრელი, ყვავილებიანი... მაგრამ ყველა კარის ზღურბლთან ხვდებოდა მასთან მიმავალს.
უყურებდა და უფრო და უფრო ტანჯავდა თავს მისი ცქერით. დნებოდა, სუსტდებოდა და ილეოდა ისიც მასთან ერთად. უფრო და უგრო მეტ დროს ატარებდა იმ პატარა ოთახში მასთან და უფრო და უფრო სძულდებოდა ყველაფერი, რაც გარეთ იყო.
დღეს მას არ დატოვებს. უნდა რომ მასთან იყოს და უყუროს როგორ თამაშობს მისი ანგელოზი ძველი თოჯინით, ნაზად ღიღინებს და აფრიალებს მის გაცრეცილ ატლასის კაბას.
მერე ანგელოზი დაიღლება, ჩუმად მიწვება და ქერა თავს პატარა ბალიშზე და დადებს. გრძელი კულულები სახეზე დაიეფინება და თვალები დაეხუჭება.
ის მიუახლოვდება. გვერდზე მიუწვება და ისე ჩაეხუტება რომ მიწიერი ვეღარ გამოგლეჯს პატარა ანგელოზს ხელებიდან. და დარჩებიან ასე სამუდამოდ ყველაგან. ქვესკნელშიც და ზეცაშიც. ერთად იფრენენ უსასრულო სივრცეში სამუდამოდ.

No comments:

Post a Comment