Monday, March 8, 2010
მზე
აქაურობას აკლია მზე. მრგვალი, ყვითელი, ნათელი და თბილი. ლურჯ ცაზე მოსრიალე, მარადიული, მოსიყვარულე, ბედნიერი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი.
მოდი ვაჩუქოთ ერთმანეთს მრგვალი მზე. ჩემკენ გამოაგორე ყვითელი მზე. გულში ჩავიხუტოთ თბილი მზე. სამუდამოდ ჩვენთან ვამყოფოთ.
ჩემთან მოდი და დაემსგავსე მზეს. იყავი ჩემთვის ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე. მოდი და არ გაგიშვებ არსად, არავისთან. შენ მე მაჩუქე მზე, მე გაჩუქებ მის სხივებს და ჩვენ შევქმნით სითბოს, სიკეთეს, ბედიერებას და თავისუფლებას.
გამიღიმე, ჩამეხუტე და ბევრი მაკოცე. ჩუმად მოგიყვები აქაურ ზღაპრებს, ჩვენებურ საიდუმლოებებს. ხელს ჩაგკიდებ და ვივლით ბევრს. ერთად ვირბენთ გრძელ გზაზე და ერთად ვიტრიალებთ ამ სამყაროში. ვიცეკვებთ დაუსრულებლად.
ოღონდ მოდი და მაჩუქე მზე.
მე მიყვარს შენი თვალები და მათში ყურება. მიყვარს როცა იქ პატარა ეშმაკები აციმციმდებიან ხოლმე. მიყვარს როცა ისინი ორ ციმციმა მზეს ემსგავსებიან. მინდა რომ აქ იყვნენ, ჩემს თვალებთან ძალიან ახლოს. მათ შორის ბევრი სხივი გაჩნდეს და სამუდამოდ ერთ მთლიანობად იქცეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment