Monday, April 19, 2010

უხილავი განწყობები

გარშემო ყველგან განწყობების ტალღებია. ფერადი ტალღებია, შეუმჩნეველი, მაგრამ გრძნობადი. ისინი ყვლეგან და ყველას გარშემოა. ისინი ქმნიან სამყაროს, ამოძრავებენ იმ ძალას, რომესაც ჩვენ ვერ ვმართავთ.
ეს ტალრები ქმნიან ორ ადამიანს შორის გრძნობად დამოკიდებულებას. ის ორი უბრალოდ დგას, ხმის გაცემა არ ჭირდებათ იმისთვის, რომ მათმა განწყობებმა ისაუბრონ.
მის გარშემო კი შავი ტალღებია, ბლანტია და ნელა ირხევა. ახლოს არავინ ეკარება, იმიტომ რომ იქ მოძრაობა ჭირს. დამღლელია და არაფრისმომცემი.
იმ ქალთან კი _ დახლთან რომ დგას, რაღაც მომწვანო, მრელვარე ტალღებს ვხედავ, ნაპირს ეხეთქებიან რითმულად. ყველა მის გარშემო ტრიალებს, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში იქ ყოფნას არაფერი ჯობია.
ის ორი ერთმანეთს უყურებს თბილი თვალებით. გოგოს გარშემო მღელვარე ტალღებია, ბობოქარი მდინარე ქვებზე ასკდება, კალაპოტებს აფართოვებს. ეტყობა ეს მდინარე წყნარ შენაკადს ეძებდა, ცოტა რომ დამდგარიყო ზვირთები. სწორედ იმ ბიჭს, წინ რომ უდგას. ისიც ხომ მჩქეფარე მდინარეს ეძებდა, მტკნარი წყალი რომ ამოძრავებულიყო, აჩქარებული, გამოცოცხლებულიყო... და ახლა მათ გარშემო ყველაფერი ლამაზი მეჩვენება.
იმ ორ ქალს ხედავ? ხედავ, მათ გარშემო რამხელა ზვირთებია და როგორ ენარცხებიან ერთმანეთს. რომელი უფრო ძლიერად ასკდება ვერ გამირჩევია. ახლა იქ ყოფნა სახიფათოა, ყველგან მორევია.
ეს ჰაერის ტალღები ძალიან შორს ვრცელდება, მძაფრად ვგრძნობ ყველგან და ყველასთვის. თუმცა ვერავინ ხედავს მათ. მაგრამ სწორედ ისინია ადამიანების ურთიერთობას რომ ქმნიან. სიტყვებს ძალიან ცოტა წილი აქვთ ამ ყველაფერში.
ხანდახან ვცდილობ მე ვმართო ეს ტალღები გარშემო რომ შემომრტყმია. მე ვიყო მისი კაპიტანი... მაგრამ მგონი ჯობია შევეშვა და ზედმეტად არ ვაკონტროლო, მივუშვა თვითდინებზე, რადგან ამხელა ზღვას მაინც ვერ მოვერევი და მხოლოდ კანონზომიერებას თუ დავარღვევ...

No comments:

Post a Comment