Monday, April 12, 2010

ნათელ ფრთებს...

ნათელო ფრთებო, მიეცი მას ძალა რომ დაუბრუნდეს ამ ქვეყენას. გაიგოს იმ ძაღლის ყეფა და შეიგრძნოს ის ხმა, მაღლიდან რომ ისმის. დაყოს მთელი დრო დედამიწელებთან და არ დაკარგოს ეს უსასრულო წამები. შეაძლებინე მას ფხიზლად შიგრძნოს ყოველი წამი და არ მისცეს არცერთი ქარს. მასში შეინახოს ჰაერის ყოველი ნაწილაკი, რასაც სუნთქავს.
გრძნობდეს სამყაროს სამივე მხრიდან. მასში იტრიალოს ყველაფერმა, რაც მის გარეთ ხდება.
არ შეეშინდეს ბედნიერების. თავისკენ მოიზიდოს კარგი და შეაჩეროს, უყუროს საუკეთესო წუთებს.
ბოლომდე გახსნას სხეული და ჩაისახლოს მასში სამყარო, შეერწყას ფონს.
შემაძლებინე ვთქვა ეს ჩემზე. მომეცი ძალა ვაღიარო რომ ეს მე ვარ, ეს მე მჭირდება და მე არ მინდა შორს, იქ, სადღაც... მე აქ მინდა ვიყო. ახლა, ამჟამად და აქ.
მომეცი ძალა გავაგდო ჩემგან ნისლი. შემაძლებინე გავუხსნა სულს გზები რომ გარეთ გამოვიდეს. თავისუფლება და სილაღე მიანიჭე ჩემს ნაკვთებს, უხილავი ძაფები გამაწყვეტინე. მომაშორე ის აპკი, თვალის გუგაზე რომ შემომტმასნია. მიეცი ჩემს სულს უფლება იტრიალოს ჩემი სხეულის გარშემო და იძრომიალოს სამყაროში.
მომეცი ბინა დედამიწაზე რომ დავსახლდე აქ, ჩავყლაპო სუფთა ჰაერი.
გთხოვ, გზები გამიხსენი, სული გამითავისუფლე რომ მან იფრინოს და სამყარო დაათვალიეროს.
დამეხმარე ბოლომდე შევიგრძნო ჩემი სხეული და ის ადგილი, სადაც ვდგავარ. შევიგრძნო ის ადამიანი, ვინც გვერდით მიდგას და გადავცე მას ჩემი გრძნობა როცა ხელს ჩავჭიდებ. დაველაპარაკო მას უსიტყვოდ, როცა თვალებში ჩავხედავ. ვიგრძნოთ ორივემ რომ ერთმანეთის ის ნაწილები ვართ, სისრულისთვის რომ გვაკლია.

No comments:

Post a Comment